უეფას გადაწყვეტილებით, ევრო 2020 განსხვავებულ ფორმტაში ტარდება. ტრადიციულად, ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად, 13 სახელმწიფოს მასპინძელი ქალაქი ეყოლება. დღეს, 20 სექტემბერს უეფამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების და ქალაქების ჩამონათვალი, რომლებმაც ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს და ევროპის მმართველ საფეხბურთო ორგანოს შესაბამისი ოფიცილაური განაცხადითაც მიმართეს, თუმცა ასეთ 32 ქვეყანაში საქართველო არ შედის.
სომხეთი (ერევანი), აზერბაიჯანი (ბაქო), ბელარუსი (მინსკი), ბელგია (ბრიუსელი), ბულგარეთი (სოფია), ხორვატია (ზაგრები), ჩეხეთი (პრაღა), დანია (კოპენჰაგენი), ინგლისი (ლონდონი), ფინეთი ( ჰელსინკი), საფრანგეთი (ლიონი), მაკედონია (მაკედონია), გერმანია (მიუნხენი), საბერძნეთი (ათენი), უნგრეთი (ბუდაპეშტი), ისრაელი (იერუსალემი), იტალია (რომი, მილანი), ყაზახეთი (ასტანა), ჰოლანდია (ამსტერდამი), პოლონეთი (ვარშავა, ჩორჟოვი), პორტუგალია (ლისაბონი, პორტო), ირლანდია (დუბლინი), რუმინეთი (ბუქარესტი), რუსეთი (სანკტ–პეტერბურგი), შოტლანდია (გლაზგო), სერბეთი (ბელგრადი), ესპანეთი (მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია), შვედეთი (სოლნა), შვეიცარია (ბაზელი), თურქეთი (სტამბული), უკრაინა (კიევი, დონეცკი) და უელსი (კარდიფი) – უეფას ინფორმაციით, სწორედ ამ ქვეყნებმა და ქალაქებმა გამოთქვეს ოფიციალურად სურვილი ევრო 2020–ის მასპინძლობისთვის.
ზემოხსენებული ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს საუბრობდა. მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად აპირებდნენ მასშტაბური საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობას, თუმცა მის მოსაზრებას არარეალისტურს უწოდებდნენ “ქართულ ოცნებაში”, რომელიც იმ პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ძალა იყო.
რატომ არ შეიტანა თბილისმა განაცხადი ევრო 2020–ის ფინალური ეტაპის მატჩების მასპინძლობაზე? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ კითხვას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უპასუხებენ.
უეფას გეგმის მიხედვით, ევრო 2020–ის ფინალური ეტაპის საფეხბურთო მატჩები სხვადასხვა ქვეყნის 13 ქალაქზე გადანაწილდება. უეფა 2014 წლის 25 სექტემბერს დაასახელებს კონკურსში გამარჯვებულ 13 ქალაქს. 2020 წლის ჩემპიონატი უეფას ფორმირების 60 წლისთავს ემთხვევა.







