საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის თავმჯდომარის, ილო ლეჟავას ინფორმაციით, კახა კუკავას პარტიის წარმომადგენლებს ყრილობის ჩაშლა სურდათ: “დღეს ვირჩევთ გაერთანების თავმჯდომარეს, ალბათ ამ არჩევნების ჩაშლა უნდათ. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მათ ალტერნატიული პროფკავშირები აქვთ და ამ პროფკავშირს არ აღარებენ.”
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, “თავისუფალი საქართველოს” ოთხი აქტივისტი პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს დარბაზში არ უშვებდნენ და დელეგატების მიმართულებით ტორტი ისროლეს.
საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია: “არაფერი ისეთი არ მომხდარა. 4 კაცი იყო შეკრებილი, რომლებიც ცდილობდნენ კამერების წინ ეპოზიორათ. სტალინის ძეგლების გახსნაში ჩვენ მათი დამხმარე ვერ ვიქნებით. ვერც საქართველოს გუბერნიად ქცევის თემას წავახალისებთ. ყრილობაზე 32 ქვეყნის 45 წარმომადგენელია ჩამოსული. ქართული პროფკავშირი არის მსოფლიო პროფკავშირის ავანგარდში.”
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა იყო ინციდენტის მიზეზი, ირაკლი პეტრიაშვილი პასუხობს, რომ პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრებს კამერების წინ პოზიორობა სუდათ: ” მათ უნდათ, რომ დონორს დაანახონ, რომ ტყუილად არ უხდიან ფულს და რაღაც ქმედებებს ჩადიან.”
ქობულეთში, სასტუმრო “ჯოჯრიან პალასში” პროფკავშირების რიგით მე-12 ყრილობა ამ წუთებში გაიხსნა. ყრილობას 32 ქვეყნის პროფკავშირების 45 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის- ბრაზილიიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.