ახალი ამბები

ვერ დავინახე დასაბუთება – იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლე შავაძის ბრალდებებზე

26 თებერვალი, 2018 • 2451
ვერ დავინახე დასაბუთება – იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლე შავაძის ბრალდებებზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ დანიშნული წევრი, ლევან გზირიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებები მისთვის დასაბუთებული არ ყოფილა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭო შეისწავლის ირაკლი შავაძის განცხადებების საფუძლიანობას.

“მისაღები იქნებოდა, რომ მანამდე განეცხადებინა, სანამ მისი საკითხი გადაწყდებოდა… ყველაფერი, რასაც ის ლაპარაკობს, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტები, რომელიც უნდა იყოს რაღაცნაირად დასაბუთებული. რაც მოვისმინე, ვერ დავინახე დასაბუთება,”- განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე ირაკლი შავაძეს უარი უთხრა. ირაკლი შავაძის განცხადებით, მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და სწორედ ამიტომ უთხრა საბჭომ უარი გამწესებაზე.

“ის [მამისეიშვილი] ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი