ახალი ამბები

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობაზე შუამდგომლობის უფლების ინიციატივით გამოდის

20 სექტემბერი, 2013 •
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობაზე შუამდგომლობის უფლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული ნორმების (მუხლი 93.1 და 219.4 „ა“) დღეს არსებული ფორმულირება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების სრულფასოვან დაცვას და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტილების მცდარობის საფუძველიც გახდეს.

 

მითითებული კოდექსის  93-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაცვის მხარე შეზღუდულია სასამართლოს წინაშე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

 

დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის მოსამართლეები, ძირითადად, სწორედ „სიტყვასიტყვით“ განმარტავენ სისხლის საპროცესო კოდექსში მოცემულ ნორმებს და მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ მხარის შუამდგომლობებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე განიხილავენ, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს, ასეთ შუამდგომლობას განუხილველად ტოვებენ. მსგავსი მიდგომა კი ძალზედ აზარალებს მხარეს და პრაქტიკულად, შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილებაზეც არასასურველი გავლენა მოახდინოს.

 

ზოგიერთი მოსამართლის თანახმად, პრაქტიკაში ნამდვილად არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, შუამდგომლობის ავტორს სასამართლო უარს ეუბნება წარდგენილი შუამდგომლობის განხილვაზე და იმ არგუმენტზე მიუთითებს, რომ ამგვარი შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ ხდება.

 

ზოგიერთი მოსამართლე, ასევე, აღინიშნავს, რომ პრობლემა  კოდექსის 93-ე მუხლის ხარვეზიანობაში კი არ მდგომარეობს, არამედ  ხარვეზად უფრო მეტად შეიძლება ჩაითვალოს ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის ურთიერთმიმართება, სადაც, ერთი მხრივ, 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხარეს ზოგად უფლებას აძლევს კონკრეტული შემთხვევის არსებობისას დააყენოს შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამბობს, რომ შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე განიხილება წინასასამართლო სხდომაზე.

 

საქართველოში მოღვაწე პრაქტიკოსი ადვოკატების თქმით, სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე შუამდგომლობის  განხილვაზეც კი უარს ამბობს. ადვოკატები და ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი თანხმდებიან, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს შუამდგომლობის დაყენების უფლება თუ იზღუდება, ამით დაცვის უფლებაც ირღვევა. ერთ-ერთი ადვოკატის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს ეტყვის დაცვის მხარეს მტკიცებულების დაუშვებლობაზე არსებითი განხილვის ეტაპზე, თუკი შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო, რასაკვირველია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევამდე მივალთ.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის ეფექტურად განხორციელებისთვის, საჭიროა შესაბამისი საქმის მასალები ხელმისაწვდომი იყოს ორივე მხარისთვის, რათა მხარემ შეძლოს შესაბამისი დაცვის მომზადება, მათ შორის, შუამდგომლობის დაყენება. თუ მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გამოთქვას თავისი მოსაზრებები და, შესაბამისად, დააყენოს შუამდგომლობები, ეს ეჭვქვეშ დააყენებს სასამართლო პროცესის „სამართლიანობას“ და, ცხადია, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ევროკონვენციის მე–6 მუხლის დარღვევას.

 

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა არსებობდეს სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, ვინაიდან, ხშირად, დაცვისთვის უმჯობესია შუამდგომლობა ჩხრეკის ოქმის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დააყენოს მას შემდეგ, რაც დაიკითხებიან ჩხრეკასთან დაკავშირებული მოწმეები, როდესაც საკითხი ეხება ისეთი ბრალდების საქმეს, სადაც ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სხვა მიზეზებთან ერთად, ამ შემთხვევაში, აცილებული იქნება საფრთხე, რომ ბრალდების მხარემ წინასწარ მოამზადოს მოწმეები კონკრეტული თემისთვის. ამიტომ, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სისხლის საპროცესო კოდექსში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საჭიროა ზემოთ მითითებული ნორმების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება, რაც მოსპობს მათი სხვაგვარად გაგება-განმარტების შესაძლებლობას და არასწორი პრაქტიკის განვითარების ალბათობა მინიმუმამდე შეამცირებს.

 

მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოვლენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე შუამდგომლობა დააყენონ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ასევე, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მნიშვნელოვანია გაკეთდეს ჩანაწერი, რომ  მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე შუამდგომლობის დაყენება მხარეებს შეუძლიათ საქმის არსებითი განხილვის დროსაც.

არჩილ ჩოფიკაშვილი, ნინო ელბაქიძე, ანზორ ხატიაშვილი

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში – “არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება,” რომელშიც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მონაწილეობს.  პროგრამას ახორციელებს „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი“ (WFD) „ესექსის უნივერსიტეტთან,“ „თომსონ როიტერსის ფონდსა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან („საია“) ერთად.                       

მასალების გადაბეჭდვის წესი