ახალი ამბები

საბჭოთა მმართველობამ შეიწირა საქართველოს დემოკრატიული განვითარება – პრემიერი

25 თებერვალი, 2018 • 1577
საბჭოთა მმართველობამ შეიწირა საქართველოს დემოკრატიული განვითარება – პრემიერი

“ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია – 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავრცელებს.

პრემიერის თქმით, საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე.

“ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა. 

დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო”, – აცხადებს პრემიერი.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი