ახალი ამბები

„ჯოჯოხეთი დედამიწაზე“ სირიაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 

24 თებერვალი, 2018 • 3060
„ჯოჯოხეთი დედამიწაზე“ სირიაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 

სირიის მმართველი ძალების მიერ წარმოებულ ინტენსიურ დაბომბვებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამასკოსთან ახლოს 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას BBC თვითმხილველ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ბრიტანული ჯგუფის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტაში დაღუპულთა შორის 121 ბავშვია.

სირიის მმართველმა ძალებმა, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს, რეგიონში დაბომბვები გასული კვირიდან დაიწყეს.

გაეროს უშიშროების საბჭო მოლაპარაკების გზით ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიღებას.

კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოო განხილვა დღეს, 24 თებერვალსაა დაგეგმილი.

დამკვირვებლების ცნობით, დღეს, 24 თებერვალს, სულ მცირე 29 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 17 ქალაქ დუმაში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ სირიისა და რუსეთის თვითმფრინავებიდან – კასრებით ყრიდნენ ბომბებსა და ცეცხლსასროლ რაკეტებს. საფრთხეში რჩება ალყაში მოქცეული 393 000 ადამიანი. თუმცა რუსეთი კონფლიქტში უშუალო ჩართულობას ისევ უარყოფს.

დამხმარე ჯგუფების ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დღეს რამდენიმე საავადმყოფო სრულად გამოვიდა მწყობრიდან.

სირიის ხელისუფლება უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და აცხადებს, რომ მათი მიზანი აღმოსავლეთ ღუტას „ტერორისტებისგან“ გათავისუფლებაა. ამ ტერმინს სირიის ხელისუფლება იყენებდა როგორც ჯიჰადისტი მებრძოლების, ასევე ღუტაში გამაგრებული ამბოხებულების მიმართ.

სირიის ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის განცხადებით, ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა „ჯოჯოხეთია დედამიწაზე“.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის საკითხს, რომელმაც 30-დღიანი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში.

შემუშავებული პროექტის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი არ ნიშნავს ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებთან და ნუსრას ფრონტთან შეგუებას, რომელიც ალ ქაიდას დაჯგუფების ერთგვარ ფილიალს წარმოადგენს სირიაში.

დასავლელი დიპლომატები რუსეთს მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ისინი შიშობენ, რომ რუსეთს სურს დრო მისცეს სირიის ხელისუფლებას, მიიტანოს საბოლოო, გამანადგურებელი იერიში დამასკოსთან ახლოს მდებარე ანკლავის მცველებზე.

პარასკევ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის კრიზისზე ისაუბრა და მათ მოკავშირეებად ოფიციალური რუსეთი და ირანი დაასახელა.

წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი