ახალი ამბები

ევროპოლის და ევროკავშირის ქვეყნების საგამოძიებო უწყებების მაღალჩინოსნები თბილისში

20 სექტემბერი, 2013 •
ევროპოლის და ევროკავშირის ქვეყნების საგამოძიებო უწყებების მაღალჩინოსნები თბილისში

 

კონფერენციაში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობენ საფრანგეთის, ავსტრიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, თურქეთის, უკრაინის, ლიტვის აზერბაიჯანის და სომხეთის ანალოგიური საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები. თბილისში იმყოფება ევროპოლის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი კარლ ვან ჰეოკელეომი, თუმცა მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული კონფერენცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც დიდი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი უწყებისა და ქვეყნისთვის”, – ამბობს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ მაჭავარიანი, რომელიც “ნეტგაზეთის” კითხვას, კონკრეტულად რაში დაეხმარება ეს ღონისძიება ქართულ მხარეს და არის თუ არა მიმართუელბები საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში გამოძიების კუთხით, სადაც ქართულ მხარეს დახმარება განსაკუთრებით სჭირდება, იგი პასუხობს:

 

“დახმარებას რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ არ არის კონკრეტული მიმართულება, სადაც ჩვენ განსაკუთრებით გვიჭირს. ეს არის, უბრალოდ, საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში წარმოშობილ დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება. მოგეხსენებათ, რომ დანაშაული საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში იშვიათად შემოიფარგლება ერთი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო ათწლეულის მანძილზე იმდენად არის განვითარებული, რომ ხშირად კონტინენტსაც კი ჰფარავს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ინფორმაციის მოპოვება აღნიშნულ დანაშაულებების შესახებ. მჭიდრო ურთიერთკავშირია ჩვენი უწყებების ფუნქციონირებას შორის, ვინაიდან ვიძიებთ ერთი ტიპის დანაშაულს, ხშირად ერთ დანაშაულს, რომელიც გაშლილი არის სხვადასხვა ქვეყანაში, იქნება ეს კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავლის რეალიზაცია და ასე შემდეგ”, – აცხადებს მაჭავარიანი.

 

კონფერენცია, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს გუშინ, 19 სექტემბერს დაიწყო. გუშინ მასში მონაწილეობას მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც იღებდა, თუმცა კონფერენციის ეს ეტაპი მედიისთვის დახურული იყო. კონფერენცია დღეს სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი