პრეზიდენტის განცხადებით, “არაკორექტული იყო თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა ფორმიანი ადამიანი გამოგყავს და ერთ ფორმიან ადამიანს შეურაცხყოფას აყენებინებ მეორეზე. ფაქტობრივად, მათ დაადანაშაულეს ჩვენი გმირი ვიცეპოლკოვნიკი ტუღუში უპატიოსნობაში. ეს სრულიად მიუღებელია მათ შორის სამხედროების ეთიკის, ოფიცრული თვალსაზრისით. მე ვიცეპოლკოვნიკ ტუღუშს ვიცნობ, თვალს ვადევნებ მის კარიერას, რამდენჯერმე შევხვდი მას დაჭრამდე და დაჭრის შემდეგ, მით უმეტეს, რამდეჯერმე მოვინახულე ამერიკაში და ჩემი განკარგულებით და დავალებით, დროებით დაასაქმეს ამერიკის საელჩოში სამხედრო ატაშეს მოადგილედ. ასევე შარშან, ჩემი განკარგულებით, ყველა მათგანისთვის გადაცემული იქნა ბინა, რომელიც უნდა დამთავრებულიყო მარტში.”
სააკაშვილის განცხადებით, ბინების მშენებლობა შეჩერდა: “მთავრობა რომ შეიცვალა, რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ინიციატივით იყო ეს ბინები, მათი მშენებლობა შეჩერდა და ეს ხალხი პრაქტიკულად დარჩა უბინაოდ. საქართველოში დაჭრილს, არდაჭრილს- ყველა ოფიცერს უნდა მიღო ბინა. ბინები აეროპორტის გზაზე ავაშენეთ. ეს არ არის პიარი, ბინები არსებობს. ეს ბინები უნდა დაამთავრონ. როცა ტუღუში ჩამოვიდა ამერიკიდან და ის მივიდა თავდაცვის სამინიტროში, მოიშორეს და უთხრეს დაწერე პატაკი და წადი. გუშინ ეს ამბავი რომ ატყდა, თავდაცვის სამინისტრომ თქვა, ეს პატაკი რომ დატოვა, ერთი კვირის წინ დავუკმაყოფილეთო. ეს არის ის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბინების მშენებლობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, მათ მართებთ მომავალში თავის შეკავება შეურაცხყოფებისაგან გმირი ოფიცრების მისამართით. ტუღუშმა სისხლი დაღვარა და მე ვფიქრობ, რომ ის არის უწესიერესი ადამიანი. ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით. და ამ ხალხმა კუთვნილი, ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს. ეს არის ჩემი რჩევაც და მოთხოვნაც მათ მიმართ. ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს ეს ტყუილები შერჩეს. ყველამ უნდა დაუჯეროს საკუთარ თვალებს. კაცი რომ ჩამოვიდა, მაზოხისტია, რომ გარაჟში ცხოვრობს?”
საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს მიმართავს: “კაცმა ამხელა სიმტკიცე გამოიჩინა და მაზოხისტურად გარაჟში ცხოვრობს. როგორ მოაწყო ეს გარაჟი შიგნიდან, რამხელა სიძლიერე აქვს ამ ადამიანს. არაფრისგან შექმნა რაღაცა. ჩემგან რომ არ გაეგოთ, რომ გარაჟში ცხოვრობს, თვითნ არ უნდა მისულიყვნენ და არ უნდა დაინტერესებულიყვნენ მისი პიროვნებით? ამაზე ნორმალური პასუხი რომ მივიღოთ, კიდევ წიხლები უთავაზეს ტელევიზიიდან. მე მოვითმენ ყველაფერს, მაგათი ტყუილებიც მომითმენია და როგორ შეიძლება შენს ოფიცრებთან ასე ლაპარაკი? ამიტომ, სანამ ახლა გვიან არ არის, ყველას უნდა მოუხადონ ბოდიში და გაუკეთონ საქმე.”
მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში 18 სექტემბერს მოინახულა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ავტოფარეხში ცხოვრობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე ტუღუში 2011 წლის 8 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში, სოფელ დუაბში ქვეითი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მისი თქმით, ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.
თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დადანაშაულა. საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ვიცე–პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე:
“საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. აქვე გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. “დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში” აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის უწყებამ 18 სექტემბერს გაავრცელა.







