ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე

19 სექტემბერი, 2013 •
პრემიერ–მინისტრი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 340–ე მუხლის მიხედვით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

“ამ შემთხვევაში, თუკი ვგულისხმობთ, თუ როგორ უნდა ემოქმედა პრემიერ–მინისტრს, ჩემი პოზიცია არის ცალსახა: თუ ნაჩუქარი ნივთის ღირებულება შეადგენდა კანონით დაშვებულ ნორმაზე მეტს, ეს ნორმა გათალისწინებულია ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლით, რა თქმა უნდა, მას ეკისრებოდა ვალდებულება 3 დღის ვადაში გაეკეთებინა დეკლარირება და  ნივთი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სააგენტოსთვის, ხოლო თუ მან ეს არ გააკეთა, ფორმალურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, რომ  შეიძლება ადგილი ჰქონდეს დანაშაულს, თუმცა ჯერ უნდა დადგინდეს, შეასრულა თუ არა მან კანონის ვალდებულება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის განცხადებით, არც პრემიერ–მინისტრს და არც მის წარმომადგენელს სააგენტოსთვის საათის გადაცემის სურვილით არ მიუმართავს, თავად სააგენტოს კი სანქციის ან საჩუქრის გადაცემის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

 

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, აკრძალულ საჩუქრად ითვლება საჩუქარი, რომლის ღირებულებაც აღემატება პირის წლიური თანამდებობრივი სარგოს 5%–ს. გარდა ამისა, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს.

 

“ნეტგაზეთი” არაერთხელ დაუკავშირდა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურს. მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, მას არ შეუძლია ნაჩუქარი საათის ღირებულება დაადგინოს. “ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა საქართველოს პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც შეკითხვას ასევე არ უპასუხა:

 

“რა თქვენი საქმეა [რა ღირებულების საჩუქარი აჩუქა]? გაჩერდით-მეთქი საერთოდ ახლა. პატრიარქი ვის რას აჩუქებს, თქვენ უნდა შეგითანხმოთ?!” – განუცხადა ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” და ტელეფონი გათიშა.

 

ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, თუ რა ფირმის საათი აჩუქა პატრიარქმა პრემიერს. ეს არის ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის საათი. Ulysse Nardin-ი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც უკვე 165 წელია, რაც მექანიკურ საათებს აწარმოებს. ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია – Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია.

 

Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800 და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობრივი სარგო თვეში 4250 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში 51 000 ლარია. კანონის მიხედვით, ჯამში, მიღებული საჩუქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური სარგოს 15%-ს, რაც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში – 7650 ლარია, პრემიერ–მინისტრს, ასევე, არ შეუძლია მიიღოს ერთჯერადად საჩუქარი, რომლის ღირებულებაც  2550 ლარს აღემატება.

 

იურისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, თუ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შედის საგამოძიებო ორგანოში, იგი ვალდებულია დაიწყოს წინასწარი გამოძიება:

 

“თუ საზოგადოდ გახდა მისთვის ცნობილი ან ნებისმიერი ადამიანი თუკი შეატყობინებს, ის ვალდებულია დაიწყოს წინასწარი გამოძიება, ჯერ ფაქტზე და შემდეგ თუკი გამოიკვეთება კონკრეტული პირის ბრალეულობა, გადავიდეს ბრალდების ეტაპზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც ცალსახად არის წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი”.

 

ილია მეორე  და ბიძინა ივანიშვილი
ილია მეორე და ბიძინა ივანიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი