პარლამენტმა კანონის პროექტები “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ხოლო “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”- 87 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ცვლილებების მიხედვით, მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დადგინდება საგანგებო სამსახურის გამოძახების ერთიანი სამნიშნა ნომრის – 112-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის. აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შს სამინისტროს ორგანოები, განმეორების შემთხვევაში- სასამართლო.
შეგახსენებთ, რომ ცრუ შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ დაფიქსირდა მედისაშუალებებში, პარლამენტში და საქართველოს ბანკშიც. ცრუ შეტყობინების სიხშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა:
“ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს. შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს.”
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და, შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



