ახალი ამბები

გიორგი სიგუა სტალინის ტურისტულ პროდუქტად ჩინეთში გაყიდვას გეგმავს

18 სექტემბერი, 2013 • • 1504
გიორგი სიგუა სტალინის ტურისტულ პროდუქტად ჩინეთში გაყიდვას გეგმავს

“სტალინის წარმომავლობა აუცილებლად იქნება ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ჩინელებისთვის”.

 

მისივე თქმით, 21 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილია ჩინური კომპანიების ტური და ეს ღონისძიებები შემდეგშიც გაგრძელდება:

 

“21 სექტემბერს ჩვენთან ჩამოდის მასშტაბური ინფო და პრესტური. აქ იქნება რამდენიმე ჩინური ტელევიზია, აქ იქნება 11 ტუროპერატორი, რამდენიმე ავიაკომპანია, რომელთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა დაინიშნოს რეგულარული ავიარესიები პეკინი–თბილისის მიმართულებით, რითაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავაინტერესებთ ჩინელებს ტურისტულად და ეს არის უზარმაზარი, ძალიან საინტერესო ბაზარი. მათ სკოლაში ასწავლიან და დღესაც ასე თვლიან, რომ ეს ადამიანი [სტალინი] არის მათი სახელმწიფოს სიძლიერის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რომ ის მათ ეხმარებოდა. მე უბრალოდ არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე და სტალინი კარგია თუ ცუდია, მაგაზე ვილაპარაკო, მაგრამ მე ვავრცობ თემას, რომ ეს არის მათთვის საინტერესო.

 

ჩინელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს არ იცის, რომ სტალინი არის ქართული წარმომავლობის, რომ აქ არის მისი სახლ–მუზეუმი, აქ დაიბადა, გაიზარდა და ზოგადად იყო ქართველი. აქ არის ბევრი ისეთი რამ, რაც მათთვის არის მიმზიდველიც და შეიძლება ვიღაცისთვის სიწმინდეც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოგვყავს პირველი ინფოტური. გვინდა, რომ ავიაკომპანიებთან ერთად გაავკეთოთ რაღაც მარკეტინგული სვლები ჩინურ ბაზარზე. ავიაკომპანიების ინტერესი არის, რომ რეისები არსებობდეს და ბევრმა ხალხმა იაროს, ჩვენი ინტერესი კი არის, რომ ბევრი ხალხი ჩამოვიდეს და ბევრი ფული დახარჯოს აქ. აქ საქმე გვაქვს წმინდა პრაგმატულ საკითხთან, რომ ჩვენთვის სტალინი კარგი იყო, ცუდი იყო, მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე იმისთვის, რომ მოვიყვანო და მოვიზიდო ტურისტი მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზრიდან, ამ შანსის გამოყენებას ვაპირებ და მინდა. ასეთ შანსზე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს”, – ამბობს სიგუა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

სიგუამ ჩინეთის ბაზარზე დღეს, 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა, რის შემდეგაც სააგენტო “პირველმა” მისი კომენტარი ასე გაავრცელა;

 

“ჩინეთში ერთ მილიარდ სამას მილიონზე მეტი კომუნისტი ცხოვრობს. მესამე კლასის სკოლის სახელმძღვანელოებში ასწავლიან, რომ სტალინი  ღმერთია. სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში კარგად გავყიდით. ისევე, როგორც ებრაელები ვერ იტანენ ქრისტეს, თუმცა მას ტურისტულ პროდუქტად იყენებენ”.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ არის არაეთიკური მისი განცხადება ებრაელების იესო ქრისტესადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, სიგუა პასუხობს, რომ ციტატაში, რომელიც მას ჩვენ მოვუყვანეთ, მისი სიტყვები ოდნავ შეცვლილია, რადგან “ებრაელები ქრისტეს ვერ იტანენ” – ასე არ უთქვამს:

 

“იცით რა არის, ცოტა კი გადააკეთეს, მაგრამ მე რაც ვთვქი და რასაც ვფიქრობ სტალინზე, როგორც ტურისტულ პროდუქტზე, ამას, რა თქმა უნდა, არ გადავთქვამ და ზუსტად მასე ვფიქრობ, რომ თვითონ სტალინის წარმომავლობა აუცილებლად იქნება ძალიან საინტერესო და მიმზიდევლი ჩინელებისთვის. ისე, როგორც გადააკეთეს, რა თქმა უნდა, ცოტათი არაეთიკურია, თუმცა ის, რომ ებრაელები არ ეთაყვანებიან ქრისტეს და ქრისტე არ არის მათთვის ღმერთი, მაგრამ თვითონ მისი იქ ყოფნა და წარმომავლობა აძლევთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ ძალიან კარგი და ღირებული, ტურისტულად მიმზიდველი ადგილი რელიგიური ტურიზმისათვის, ეს ფაქტია და ამას ვერსად წაუხვალ. [ებრაელები ქრისტეს ღმერთად] არ სცნობენ და არ ეთაყვანებიან, ებრაელი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ არ არის ქრისტიანი. ებრაელობა არის რელიგია. მე თუ აქამდე არასწორად ვიცოდი, მაშინ მითხარით, ებრაელობა არის რელიგია. მე თვითონ ებრაელები მასწავლიდნენ, რომ ებრაელობა არის რელიგია და ამბობენ, რომ ებრაელი არის ის, ვინც არის ამ სჯულის მიმდევარიო. მე ასე ვიცი, მაგრამ შეიძლება ვცდები. აქ საუბარია იმაზე, რომ იერუსალიმში ყოველწლიურად ჩადის მილიონობით ტურისტი, თუმცა ადგილობრივებისთვის ქრისტე არ არის ღმერთი და არ ეთაყვანებიან. მე ადგილობრივ ებრაელებზე გეუბნებით, თორემ იერუსალიმში ქრისტიანებიც ცხოვრობენ და მუსლიმებიც”, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი