ახალი ამბები

გერმანია სამშობლოში დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს

22 თებერვალი, 2018 • 7845
გერმანია სამშობლოში დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს

გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი, “REAG/GARP – Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რომელიც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და ეხება მათ, ვისაც:

  • უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები;
  • პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა;
  • საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური დახმარებასთან ერთად, გერმანიის სამთავრობო პროგრამა ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3 000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ქირის დასაფარად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

პროგრამების შესახებ ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

ასევე, დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე www.returningfromgermany.de, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.

2016 წელს პროგრამით, საერთო ჯამში, 54 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაციის შემდეგი გავრცელების თხოვნით გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი