წარმოდგენილი კანონპროექტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება. როგორც კორძაია ამბობს, 18 სექტემებრს განათლების კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს:
“ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი კონსტიტუციასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ეს განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დიდი ხანი მუშაობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფორმირების წესის ცვლილებაზე. არსებობდა საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები, მაგრამ ახლა კონსტიტუციამ განსაზღვრა უკვე ეს პროცედურა.”
როგორც დეპუტატი განმარტავს, მომზადებული ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობასთან ათანხმებს ამ კანდიდატურებს, შემდეგ უკვე წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კანდიდატებს:
“მთავარი ის არის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები არ ინიშნებიან არავისგან, ისინი აირჩევიან პარლამენტის მიერ და მნიშვნელოვანი ცვლილება ამ ინიციატივაში არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის თავმჯდომარეს ვერავინ ვერ დანიშნავს, მას კომისიის წევრები აირჩევენ და ის არ შეიძლება იყოს არჩეული 1-ზე მეტი ვადით, რაც 3 წელს შეადგენს.”