წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით მხარი ორივე კომიტეტმა დაუჭირა. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სანქციები პრაქტიკულად ორმაგდება. მისივე განმარტებით, დამატებები შემოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც:
„რაც შეეხება ადმინისტრაციულ კოდექსს, აქ ახალი ნორმა შემოდის. აქამდე დასჯადი არ იყო ცრუ შეტყობინება, თუ ამ ინიციატივას პარლამენტი დაუჭერს მხარს, დამძიმდება კანონმდებლობა ფინანსური კუთხით. სანქციები არის ჯარიმა, ეს იწყება 300 ლარიდან, შემდეგ 400 ლარი, 500 და 1000 ლარი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებით ხდება ერთი წლის განმავლობაში სამართლებრივი დარღვევა. საუბარია იმ შეტყობინებებზე, როდესაც არამიზნობრივად ხდება ზარის განხორციელება და ამას მოყვება ეკიპაჟის გასვლა შემთხვევის ადგილზე და ა.შ.“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ თუ დანაშაულს არასრულწლოვანი სჩადის, მაშინ მისი მშობლები ადმინისტრაციული წესით უნდა დაისაჯნონ:
„ზოგადად, ჩვენ სანქციების დაწესებასაც და გამკაცრებასაც ვეთანხმებით. მათ შორის, თუ არასრულწლოვანი ჩადის ასეთ ქმედებას, მაშინ მათი მშობლებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, მე ვფიქრობ, რომ სრულიად აუცილებელია. მშობელს უნდა დაეკისროს ჯარიმა. გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ამ ბოლო პერიოდში შეიქმნა. ლამის დღე არ გადის, რომ ასეთი ცრუ შეტყობინება არ იყოს. ეს იწვევს იმ ორგანიზაციების პარალიზებას, სადაც რეკავენ, რომ ბომბია.”
ხმალაძე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მოითხოვს და იქვე დასძენს, რომ ბოლოდროინდელი ცრუ შეტყობინებები შესაძლოა ეშმაკურად ორგანიზებული იყოს:
„ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამის გამკეთებელს, ეს უნდა იყოს მკაცრი პასუხისმგებლობა და ასე ამ საქმიანობის პარალიზება შესაძლებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს საკმაოდ ეშმაკურად ორგანიზებული, როდესაც მცირეწლოვანებს, ვინც კარგად ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ამ მცირეწლოვანების ხელით კეთდება ის, რის გაკეთებასაც უფროსი ვერ ბედავს.“
წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ხვალ, 18 სექტემბერს პირველი მოსმენით განიხილავენ.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



