წონის მატებასთან და კლებასთან გენეტიკა კავშირში არაა – კვლევა

The Guadian-ის ცნობით, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, გენეტიკა არ არის პასუხისმგებელი წონის მატებასა და კლებაზე.

თეორია იმის შესახებ, რომ გენეტიკური განმაპირობებლების გამო, ზოგი ადამიანი იოლად იკლებს ან იმატებს, მეცნიერება გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ თეორია მცდარია.

კვლევაში, რომელიც აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა, 609 ჭარბწონიანი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეებს ჯერ გენეტიკური და ინსულინის ტესტი ჩაუტარდათ, სანამ ნახშირწყლებითა და ცხიმებით შემცირებულ კვების რაციონზე გადავიდოდნენ 12 თვის განმავლობაში.

გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ გენები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ რეაგირებს სხეული ცხიმსა და ნახშირწყლებზე, მაგრამ გენეტიკური განწყობების, ინსულინის დონის და დიეტის ტიპის მიუხედავად, ადამიანი  5-6 კილოგრამს იკლებს.

მეცნიერები ამბობენ, რომ მთავარი საკითხი წონის კლებისას ჯანსაღი კვებაა. კვლევის მონაწილეებს 22 გაკვეთილი ჩაუტარდათ, ასევე მათ ურჩევდენ, რომ ფიზიკური აქტივობით დაკავებულიყვნენ, თუმცა კვლევის ფოკუსი კვებით რაციონზე გაკეთდა. კვლევის მონაწილეებს კალორაჟის ლიმიტი არ ჰქონდათ  დაწესებული და არც სპეციალურ საკვებს აწვდიდნენ. მონაწილეებმა ცხიმისა და ნახშირწყლების მიღება შეამცირეს. საბოლოოდ, მათი დღიური რაციონი 500 კალორიით შემცირდა.

კვლევის მონაწილეები, რომლებიც მეტ ბოსტნეულს ჭამდნენ და ნაკლებად იღებდნენ დამუშავებულ საჭმელს, მათ შორის, შაქრიან სასმელებსა და არაჯანსაღ ცხიმებს, წონას უფრო მეტად იკლებდნენ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღად იკვებებოდე. მარცვლოვანი საჭმელიც და საწუწნი ტკბილეულიც ორივე ნახშირწყალია, მაგრამ ერთ ჯანსაღი პროდუქტია, მეორე კი – მავნე. მათივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ წონის კლებისას მნიშვნელოვანია ბოსტნეულის მიღება.

კვლევა 20 თებერვალს ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com