წარმოდგენილი კანონპროექტი ცვლილებების შეტანას “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ითვალისწინებს. კერძოდ, მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებებისთვის და საგანგებო სამსახურის განზრახ არამიზნობრივი გამოყენებისთვის.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, “კანონპროექტის მომზადება განაპირობა უკანასკნელ პერიოდში ანონიმური შეტყობინებების ზრდამ სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების შესახებ,” რის გამოც მთავრობა პარლამენტს სთხოვს მიიღოს კანონპროექტი დაჩქარებული წესით.
ცვლილებების მიხედვით, ცრუ შეტყობინებებისთვის მძიმდება პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ: “ამგვარი ქმედებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმ შემთხევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში(წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული პრობლემები არსებობს და მისი შეცვლა მნიშნელოვანია:
“კანონპროექტზე მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება, თავად ფაქტი იმის შესახებ, რომ მსგავსი ცრუ შეტყობინებები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული, უსუსური და სასაცილოა. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის უნიათობას ამღღავნებს და “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებს მას. სამართლებრივ ორგანოებს მართებთ მეტი მობილიზება და გამოვლენა იმ დანაშაულებრივი მოტივების, რომელიც არსებობს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. უმცირესობას უარყოფითი დამოკიდებულა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არ გააჩნია, რადაგნ პრაქტიკიდან ჩანს, რომ კანონმდებლობის მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს.”
დამოუკიდებელი დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია, ამბობს, რომ ცხელ გულზე კანონის გამკაცრების მომხრე არ არის:
“მე არ მგონია, რაც დღეს არსებობს, ის სანქცია ცოტა იყოს. აქ, უბრალოდ, ის პრობლემაა, რომ ყველა მცირეწლოვნები არიან და აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. გამკაცრება კანონის ამ პრობლემას ვერ უშველის. მე ცხელ გულზე კანონის გამკაცრების მომხრე არ ვარ. რა თქმა უნდა, ეს მოსაწონი საქციელი არაა, მაგრამ რაზეც გაბრაზდება პარლამენტი, ყველაფერზე კანონი გაამკაცროს, არ იქნება სწორი.”
მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს.