ახალი ამბები

წულუკიანი: შემოწირულობა გავაკეთე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან ასე მივიჩნიე საჭიროდ

17 სექტემბერი, 2013 • • 1130
წულუკიანი: შემოწირულობა გავაკეთე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან ასე მივიჩნიე საჭიროდ

ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ზურაბ აბაშიძე:

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

“ჩვენ, კოალიციაში შემავალი პარტიები, ვართ ერთგულები ერთმანეთის მიმართ. ეს სიახლე არ არის. რომელ პარტიაში ჩაირიცხება თანხა, მე არ მგონია, რომ ამას რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციული მნიშვნელობა ჰქონდეს იმ თვალსაზრისით, რომ, ვთქვათ, თეა წულუკიანს “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ აქვს რაღაც სენტიმენტები, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე… ეს ჩემი აზრით, ტექნიკური საკითხია”.

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს თეა წულუკიანმა 10 ათასი ლარი შეწირა პარტია “ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს”.

 

წულუკიანმა, რომელიც თავისუფალ დემოკრატებში თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა და ქალთა უფლებების საკითხს კურირებდა, პარტიული უფლებამოსილება 2012 წლის ოქტომბრის თვიდან შეიჩერა, რა დროსაც იგი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

“მან შეიჩერა თავისი პარტიული უფლებამოსილება, რადგან ის გახდა იუსტიციის მინისტრი. ის აღარ არის პარტიულ ცხოვრებაში ჩართული, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თეა არის “თავისუფალი დემოკრატი” შინაგანად”, – ამბობს ზურაბ აბაშიძე, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებსა” და წულუკიანს შორის რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. თუმცა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი და იმედი, რომ წულუკიანი პარტიას კვლავ დაუბრუნდება, თუნდაც კოალიციის დაშლის შემდეგ, იგი ამბობს:

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

“ასეთი იმედით არ ვცხოვრობთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ვინ დაბრუნდება და ვინ არა. ეს, უბრალოდ, ისეთი ტექნიკური საკითხია, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება თეამ მიიღო არჩევნების შემდეგ. მისთვის არავის კარი არ მიუხურავს. თუ უნდა- დაბრუნდება, თუ არ უნდა – არ დაბრუნდება”, – აცხადებს აბაშიძე, რომლის განცხადებითაც მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ალასანიაც დაინიშნა და პარტიული საქმიანობისთვის ბევრი დრო არც მას რჩება, თუმცა ალასანიას პარტიული უფლებამოსილება შეჩერებული არ აქვს და იგი კვლავ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია.


დაუბრუნდება თუ არა თეა წულუკიანი “თავისუფალ დემოკრატებს”, თუნდაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამაზე იუსტიციის მინისტრმა “ნეტგაზეთს” ასეთი პასუხი გასცა:

 

“მომავალი საპარლამენტო არჩევნები მეჩვენება ძალიან შორს და მანამდე სად ვიქნები და როგორ, მე თვითონაც არ ვიცი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი