ახალი ამბებისაზოგადოება

“თავშესაფარს მიღმა” – 1 და 2 მარტს ქალთა ფონდი აუქციონს და გამოფენა–გაყიდვას გამართავს

20 თებერვალი, 2018 • 2428
“თავშესაფარს მიღმა” – 1 და 2 მარტს ქალთა ფონდი აუქციონს და გამოფენა–გაყიდვას გამართავს

ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრები ქალების დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში ხელშეწყობის მიზნით, “ქალთა ფონდი საქართველოში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს.

გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი, რომლებიც 1 და 2  მარტს გაიმართება, კამპანიის, სახელწოდებით “თავშესაფარს მიღმა” ნაწილია.

“ქალთა ფონდის” ცნობით, შეგროვილი თანხით აღიჭურვება თავშესაფრის სამზარეულო საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა დასაქმებაში დაეხმარება.

ქალთა ფონდი აცხადებს, რომ საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო – მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით.

“იდეის განხორციელებისთვის საჭირო 50 000 ლარის შესაგროვებლად „ქალთა ფონდი საქართველოში“ თიბისი გალერეაში 1 მარტს გამართავს გამოფენა-გაყიდვას, ხოლო 2 მარტს აუქციონს, რისთვისაც 70-ზე მეტმა ხელოვანმა სრულიად უანგაროდ უკვე შემოგვწირა საკუთარი ნამუშევრები”, – აცხადებს ქალთა ფონდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი