დღეს, 20 თებერვალს დმანისის მუნიციპალიტეტის შენობაში კომპანია “არ ემ ჯი” გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვას მართავს.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია საყრდისის ოქროს საბადოზე ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს. ციანიდის მოედანი ფართო ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც მადანზე ციანიდის დასხურება ხდება, რის შემდეგაც ქანებიდან ოქრო ილექება.
პროექტს საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტი” და გარემოს დამცველები აპროტესტებენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს გაზრდის.
აქტივისტები ორგანიზაცია “მწვანე პლატფორმის” 2017 წლის დასკვნას იშველიებენ, რომლის თანახმადაც “არ ემ ჯის” საქმიანობის შედეგად ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია.
“არ ემ ჯი” ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის დირექტორის მოადგილემ “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკვე არსებულ ინფრასფრუქტურას სწორედ იმიტომ აფართოებს, რომ ახალი ქარხნის მშენებლობა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი თავიდან აიცილოს.
სხდომა მუნიციპალიტეტის შენობაში 15:00-ზე იწყება. კომპანიისა და აქტივისტების გარდა, მას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაესწრებიან. “ნეტგაზეთი” მხარეთა პოზიციებს უფრო ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.