ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანდაცვის ხარვეზები ციხეებში

19 თებერვალი, 2018 • 3684
ფსიქიკური ჯანდაცვის ხარვეზები ციხეებში

2015 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე 1 031 პატიმარი იხდიდა სასჯელს, 2016 წლის დეკემბერში კი – 1079. იღებენ თუ არა ისინი ადეკვატურ ფსიქიატრიულ დახმარებას და რას აკეთებს სამინისტრო პატიმრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის?

გიორგი სილაგაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) 2010 წლიდან 2017 წლამდე სასჯელს რამდენიმე ციხეში, მათ შორის გლდანის მე-8, გარდაბნის მე-6 და ქსანის მე-15 დაწესებულებაში იხდიდა.  როგორც ის ყვება, ფსიქიატრი ციხეში კვირაში ერთხელ მიდიოდა და რადგან ვიზიტზე ბევრი პატიმარი იყო ჩაწერილი, მათ სათანადო დროს ვერ უთმობდა.

“ვიზიტზე უპრობლემოდ ეწერები. წინა ხელისუფლების დროს ასე არ იყო. ბევრი პატიმარია და ფსიქიატრი 1 საათს ვერ უთმობს თითოეულს, მაგრამ გარკვეულ დახმარებას გიწევენ,”  – ამბობს გიორგი.

ამჟამად გიორგი ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომის” სარეაბილიტაციო პროგრამაში. მისი თქმით, როცა ციხის 2000 პატიმრიდან 1500 ნარკოდამოკიდებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, შეუძლებელია, ისეთივე მომსახურება მიიღოს, როგორსაც ციხის გარეთ იღებენ ადამიანები:

“რაღაც პროგრამები არის, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოხერხდება ის, რომ ხარისხიანი თერაპია იყოს, რადგან  საკმარისი რესურსი არ არის გამოყოფილი,” – ამბობს გიორგი.

ფსიქიატრიული სერვისების შეფასება ციხეში

სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წელს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით” პენიტენციურ სისტემაში კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, ჯამში, 943 ქალი და კაცი პატიმარი, რომლებიც რვა ნახევრად ღია და დახურულ ციხეში იმყოფებოდნენ.

კვლევის თანახმად, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გამოკითხულ პატიმართა 26%-ს (კაცები) და 27.7%-ს (ქალები) ესაჭიროება ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაცია. დახურული ტიპის დაწესებულებებში ეს რიცხვი, შესაბამისად, 35%-სა და 38.3%-ს შეადგენს. სკრინინგის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ბრალდებულ ქალთა შორის – 46.8%.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ძირითად გამოწვევას წარმოადგენს:

[crosslist]

  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პატიმართა დროული იდენტიფიცირება;
  • გამწვავებების პრევენცია;
  • ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა.

[/crosslist]

ჯგუფის შფასებით, რიგ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი, პატიმრების მოთხოვნის მიუხედავად, არ ამისამართებს პაციენტს ფსიქიატრთან, რადგან მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნა ობიექტურად არ არის დასაბუთებული. გარდა ამისა, პრევენციული ჯგუფის დასკვნის მიხედვით, პატიმრებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირველ ჯერზე ზედაპირულად ამოწმებენ, რაც სამი ფორმალური კითხვის დასმით გამოიხატება:

  • მიუმართავს თუ არა დახმარებისთვის ექიმ-ფსიქიატრისთვის;
  • ოდესმე თუ მიუღია ფსიქოტროპული მედიკამენტები;
  • ჰქონია თუ არა თვითდაზიანების მცდელობა.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა კვარაცხელიას აზრით, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, პენიტენციურ დაწესებულებაში პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს დაინერგოს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების იდენტიფიცირების ორეტაპიანი პროცედურა:

“პირველი ეტაპზე მოხდეს კითხვარის შევსება და მისი ანალიზი, ხოლო მეორე ეტაპზე, შევსებული კითხვარის ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკის შემთხვევაში, დიაგნოზის დასაზუსტებლად და ფსიქიატრიული დახმარების დასაგეგმად პატიმარი გადამისამართდეს ექიმ-ფსიქიატრთან.”

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ პატიმრებისთვის გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები პრაქტიკაში მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

[checklist]

  • ფსიქიატრის კონსულტაცია და მედიკამენტური მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში;
  • ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსება;
  • არანებაყოფლობითი ან იძულებითი ფსიქიატრიული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (სოფ. ქუტირში).

[/checklist]

ფსიქიატრების დეფიციტი ციხეში

ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენელმა, თეა კორძაძემ აღნიშნა, რომ ციხეებში შესაბამისი პროფესიული კადრები ნაკლებად იყენებენ სტანდარტიზირებულ ინსტრუმენტს ამა თუ იმ პროგრამისა თუ აქტივობის დადებითი შედეგების გასაზომად. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები პატიმართა საჭიროებებს უკეთესად მოარგებდნენ აღნიშნულ პროგრამებს.

“მნიშვნელოვანია მსჯავრდებულის არ მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალურად შემოწმება მიღების დროს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რაც დაეხმარება ადმინისტრაციას, უკეთესად მოარგონ პატიმართა საჭიროებებს არსებული პროგრამები. გასათვალისწინებელია, რომ პატიმარს არ დაუწესდეს დისციპლინური სახდელი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც მისი ფსიქიკური დაავადების შედეგია. ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრები არ ექვემდებარებიან სამარტოო საკანში მოთავსებას, რადგან შესაძლებელია, მსგავსი ზომის გამოყენებამ დაამძიმოს მათი მდგომარეობა“- აღნიშნავს კორძაძე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014-17 წლებში, წლიურად, ფსიქიატრიული მომსახურება (ამბულატორია) საშუალოდ მიიღო 10-11 ათასმა პატიმარმა, რაც პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული ფსიქიატრების დიდ დატვირთვაზე მიუთითებს.

“მაგალითად, მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში საშუალოდ 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას.  ხოლო მე-8 დაწესებულებაში მომუშავე ერთ ფსიქიატრზე 2 000 პატიმარზე მეტი მოდიოდა. ცხადია, ასეთ პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ფსიქიატრების მომსახურების სათანადო ხარისხი,” – ამბობს ნიკა კვარაცხელია.

მოქმედი წესის მიხედვით, ციხის შიგნით ფსიქიატრიული დახმარების გასაწევად  პატიმრები გადაჰყავთ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო (მე-18) დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ოფიციალური სტატისტიკით,  სტაციონარში  2015 წელს 425, 2016 წელს- 592, ხოლო 2017 წლის 6 თვეში 205 პატიმარი მოათავსეს.  კვლევის თანახმად, დაწესებულებას არ გააჩნია მულტიდისციპლინური ფსიქიატრიული დახმარების, ფსიქო-სოციალური ინტერვენციისათვის საჭირო მატერიალური და პროფესიული რესურსები.

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მიმოხილვის შემდეგ, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ასკვნის, რომ  მიწოდებული სერვისი არა მარტო  ადეკვატური არ არის, არამედ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აკლია.  კერძოდ, პატიმრების მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ისინი ისევ პენიტენციურ დაწესებულებებს უბრუნდებიან, სადაც არც მხარდამჭერი სერვისებია და არც კეთილსაიმედო გარემო. ამის  გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, მნიშვნელოვანია ციხეებში ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების პაკეტის სრულად დანერგვა.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებზე. ასევე მიზანშეწონილია სერვისის მიმწოდებლების მოზიდვა, სამოქალაქო ინტერვენციის წახალისება,” – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნიკა კვარაცხელია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს არგუმენტები

კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების შეფასების და სამომავლო გეგმების გაგების მიზნით “ნეტგაზეთმა” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს მიმართა. სამინისტროს თხოვნით, კითხვები წერილობითი ფორმით გავუგზავნეთ და წერილობითვე გვიპასუხეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა ჩაკითხვისა და დაზუსტების საშუალება.

სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ ინსტრუმენტი, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ სისტემაში შესვლისას მიმღებ განყოფილებაში განხორციელდეს სრულფასოვანი სკრინინგი, შეფასდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით კონკრეტული საჭიროებები და განისაზღვროს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტთა ჩართულობის საკითხი. აღნიშნული დოკუმენტის იურიდიული ჩარჩოში მოქცევის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა. ის ძალაში შევა 2018 წლიდან.

სამინისტრო ასევე არ ეთანხმება მტკიცებას, რომ ციხეებში ფსიქიატრების ნაკლებობაა. უწყების მოწოდებული პასუხის მიხედვით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებას ემსახურება ექიმი-ფსიქიატრი. ხოლო,  თუ ვერ ხერხდება პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა სასჯელის მოხდის ადგილზე, ის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში (მე-18) გადაჰყავთ.

როგორც სამინისტროს წერილშია მითითებული, დაწესებულების ფსიქიატრიულ  განყოფილებაში   ხელმისაწვდომია:

  • გადაუდებელი მდგომარეობების მართვა/კრიზისული ინტერვენცია;
  • სუიციდის რისკის მართვა;
  • მსუბუქი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მკურნალობა, სტაციონარული მკურნალობა, ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვა, ქვეყანაში აღიარებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად.

რაც შეეხება პატიმრების რეაბილიტაციას, სამინსიტროს განცხადებით, დანაშაულის  ხასიათიდან და პიროვნების საჭიროებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო პროგრამები რამდენიმე ტიპად არის დაყოფილი.

სარეაბილიტაციო პროგრამები

დანაშაულებრივ ქცევაზე ფოკუსირებული – ძალადობრივი დანაშაულები და ადიქტოლოგია:

1. სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი; (ძალადობის მავნე შედეგები);
2. ატლანტისი – 12 ნაბიჯი ნარკო და ალკო დამოკიდებულთათვის (პროგრამების ბლოკი).

დანაშაულთან დაკავშირებული:

1.  კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება – COSO;
2.  პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება (Thinking
Skills Program);
3.  ნაბიჯი ცვლილებისკენ; (დანაშაულის გაცნობიერების პროგრამა
ზრდასრულთათვის).

საბაზისო უნარები და მხარდამჭერი პროგრამები:

1. ბრაზის მართვის პროგრამა;
2. პენიტენციური სტრესის დაძლევის სარეაბილიტაციო პროგრამა;
3.  ბიბლიო თერაპია;
4.  არტ თერაპია;
5.  ოჯახურ სირთულეებთან გამკლავების პროგრამა (ძალადობის
მსხვერპლი ქალებისათვის).

მიუხედავად სასჯელაღსრულების სამინისტროს მტკიცებისა, რომ ციხეებში ხელმისაწვდომია სამოქალაქო სექტორის თანაბარი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისები და ამ სერვისების გაუმჯობესებაზე უწყება მუდმივად მუშაობს, ერთი რამ ნათელია: ის პირები, რომლებიც ციხეებში იკვლევენ პატიმრებისთვის მიწოდებული ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებს, ამბობენ, რომ ეს სერვისები არ არის მრავალფეროვანი, პატიმრებს არ მიეწოდებათ დროული და ეფექტიანი ფსიქიატრიული დახმარება და ციხეებში დასაქმებული ფსიქიატრების რაოდენობაც არ არის ადეკვატური.

___________________________________________________________________________

სტატია მომზადდა  ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის  „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“ ფარგლებში.  პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორისა და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პოზიციად.

მასალების გადაბეჭდვის წესი