ნეტგაზეთი | ხელშეკრულება $599 000-ზე – საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს 2018 წელს ხელშეკრულება $599 000-ზე – საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს 2018 წელს – Netgazeti
RU | GE  

ხელშეკრულება $599 000-ზე – საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს 2018 წელს

საქართველოს მთავრობა ნახევარ მილიონზე მეტ დოლარს გადაუხდის აშშ-ში ლობისტურ კომპანიას 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

მთავრობამ 2 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება Chartwell Strategy Group-თან. ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მთავრობა ლობისტურ კომპანიას თვეში  54,545.00 აშშ დოლარს გადაუხდის 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა მოელის, რომ ლობისტური კომპანია დაეხმარება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გაღრმავებაში. ლობისტურმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს პრემიერ-მინისტრისთვის “სიტყვით გამოსვლების, წერილების, ინტერვიუებისათვის სასაუბროების მომზადება”,  ხოლო მთავრობის ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს აშშ-ის  წამყვან მედიასაშუალებებთან კომუნიკაციაში მთავრობის იმიჯის შექმნის მიზნით.

უფრო კონკრეტულად ხელშეკრულების მიხედვით ლობისტურ კომპანიას ევალება:

  • ხელი შეუწყოს საქართველოს- განავითაროს, გააღრმაოს ურთიერთობები აშშ-ში წამყვან ჯგუფებთან, მათ შორის თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის და ა. შ. წამყვან ოფიციალურ პირებთან კონგრესის წევრებთან; სხვა მაღალი რანგის პირებთან და მათ მრჩევლებთან;
  • დამკვეთისთვის რჩევების მიცემა საგარეო პოლიტიკის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების , აშშ-სგან საგარეო უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღების, თავდაცვის კუთხით აშშ-თან ურთიერთობის გაფართოების,  დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებზე;
  • აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების დაინტერესება აშშ-დან საქართველოში მეტი პირდაპირი ინვესტიციების საჭიროებასა და ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოებაში;
  • ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების მონიტორინგი და ამის შესახებ დამკვეთის ინფომრირება;
  • პრემიერ-მინისტრისთვის მიმდინარე საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის სიტყვით გამოსვლების, წერილების, ინტერვიუებისათვის სასაუბროების მომზადება და მოსამზადებელი შეხვედრების ჩატარება;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის რჩევების მიცემა და დახმარება აშშ-თან დაკავშირებული სტატიების, სიტყვით გამოსვლების, წერილების და სხვა მასალებთან დაკავშირებით;
  • ადმინისტრაციის კომუნიკაციების გუნდისთვის რჩევების მიცემა მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე, მედიასტრატეგიის მომზადება და აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია მთავრობის იმიჯის შექმნის მიზნით;
  • ადმინისტრაციის გუნდის მუდმივ რეჟიმში მხარდაჭერა და კონსულტაცია საზოგადეობასთან ურთიერთობის, მასალების, წერილობითი პასუხების დაგეგმვის, გზავნილების, პრესრელიზების, მიმოხილვების და ა შ. თაობაზე;
  • პრემიერ-მინისტრისა და სხვა წამყვანი მინისტრების აშშ-ში ვიზოტის დროს ინტერვიუების, საჯარო გამოსვლების ორგანიზება და მხარდაჭერა.
  • აშშ-ში საქართველოს საელჩსთვის მიმდინარე მედიაკომუნიკაციაში დახმარება;

საქართველოს მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი აწერს.

საქართველოს მთავრობას გასულ წელსაც ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან. წაიკითხეთ დეტალები აქ:

საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი