“ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და შევთანხმდით იმაზე, რაც არის მარტივი და ელემენტარული, ამ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება განმარტოს კანონი, ეს კომისია არ დგას სასამართლოზე მაღლა, სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუცია განმარტა ისე, როგორც განმარტა. თუმცა ბატონი ხარატიშვილის უცაბედმა გადადგომამ, რასაც ზოგიერთმა თანამდებობის მიტოვებაც კი დაარქვა, მართლაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ცესკოს და ამ პერიოდში არის გარკვეული შეუსაბამობები, როგორც ჩანს, მომხდარი. ზოგ კანდიდატს ორმაგი მოქალაქეობით დაურეგისტრირეს კანდიდატურა და შემდეგ გაუუქმეს და ა.შ. ამიტომ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია ცესკოსადმი, რომ ახალი თავმჯდომარის პირობებში ყველა ღონეს მიმართოს იმისთვის, რომ თითოეული კანდიდატის საქმისადმი მიდგომა იყოს მაღალი პროფესიონალიზმით და უფრო სერიოზული, ვიდრე ამ გარდამავალ პერიოდში იყო, რომ არც ერთ კანდიდატს არაფერი არ ჰქონდეს სასაყვედურო იმ სიტუაციისადმი, რომელშიც ის შეიძლება აღმოჩნდეს”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, ეს ეხებათ კანდიდატობის მსურველებსაც.
რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, ის პოლიტიკურ პარტიებს და მათი აქტივისტების ქმედებებს შეეხებათ. ეს საკითხი სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ დააყენა:
“სამწუხაროდ, მუდმივად ვხედავთ იმას, რომ დავით ბაქრაძეს ხელს უშლიან, რომ შეხვდეს თავის ამომრჩეველს და მხარდამჭერებს და იმაში, რომ ამ შეხვედრებმა მშვიდ და კონკსტრუქციულ გარემოში ჩაიაროს. ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო ასეთი პრეცედენტი, მანამდე იყო ფონიჭალაში, თეთრიწყაროში, დღეს იყო თელავში. ამაზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ უწყებათაშორის კომისიაზე. იმედი მაქვს, რომ იქნება ქმედითი ნაბიჯები იმასთან დაკავშრებით, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
წულუკიანი აღნიშნულ საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთი პარტიის მიერ გამართულ შეხვედრებს მეორე პარტიის აქტივისტებმა ხელი არ უნდა შეუშალონ:
“მეორე რეკომენდაცია გაიცა პოლიტიკური პარტიების აქტივისტებზე, მე მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ რომელიმე პარტიის აქტივისტს, მით უმეტეს, [პარტიული] მაისურითა და დროშით შემოსილს, არაფერი საქმე არ აქვს სხვა პარტიის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ამიტომ ყველა აქტივისტმა თავი უნდა შეიკავოს, რომ მივიდეს იმ შეხვედრაზე, სადაც მისი კონკურენტი პარტიის კანდიდატი მართავს ამომრჩეველთან შეხვედრას”, – აღნიშნა წულუკიანმა.
