ზურაბ ბაქრაძე: ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მოგვიანებით მიიტანეს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გააყალბეს. “პალიტრა ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესში თავადაც მონაწილეობდა.

ბაქრაძის განცხადებით, თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა და შესაბამისი აღჭურვილობა პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მოგვიანებით მიიტანა.

“იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის- საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არცერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

…მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან”, – უთხრა მან “პალიტრა ნიუსს”.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. 2013 წელს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს. თუმცა რობაქიძის ოჯახი ამტკიცებდა, რომ მასალა ყალბი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან