აღნიშნული რიგგარეშე სხდომა პარტია საქართველოს გზის მოთხოვნით იმართება, რომლის საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და უწყებათაშორისი კომისიისაგან ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს.
სხდომას არ ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი, თუმცა იუსტიციის სახლში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი მსურველი ზურაბ წიწუაშვილი, რომელიც საქართველოსთან ერთად ამერიკის შეეერთებული შტატების მოქალაქეცაა და ამიტომ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა:

“უწყებათაშორის კომისიაზე კონკრეტული პასუხი მივიღე, მე შემიძლია ცოტა იუმორიც შემოგთავაზოთ, ძალიან კონკრეტული პასუხი მივიღე ქალბატონ თეასგან, რომ ის მე მაძლევს ხმას, ეს იყო კონკრეტული პასუხი, რომელიც მივიღე, მაგრამ უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება არის, რომ ჩაერიოს, თუ რომელიმე ჩინოვნიკი ან ხელისუფლების წარმომადგენელი საარჩევნოდ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს. ჩვენ განვუცხადეთ ის, რაც არის არაკანონიერი, ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს ცესკოს თანამშრომლებმა. რა თქმა უნდა, აღშფოთებულები არიან და ვნახოთ რა მოხდება. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებსაც გასცემენ, მაგრამ უწყებათაშორის კომისიას არავითარი გავლენა არ აქვს ცესკოზე ან სასამართლოზე”, – განაცხადა წიწუაშვილმა. მან აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სხოდმას ასევე ესწრებოდა “სამართლიანი არჩევნების” აღამასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. ის მიიჩნევს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უწყებათაშორის კომისიას შეუძლია ცესკოს და სასამართლოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, რეკომენდაციით მიმართოს.
კომისიის რიგგარეშე სხდომაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხის გარდა ასევე განიხილება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამების განთავსების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უარი უთხრეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განეთავსებინა რეკლამა, რომელშიც საუბარი იყო “ქართული ოცნების” მიერ შეუსრულებელ დაპირებებზე.

![წიწუაშვილი: ქალბატონი თეა [წულუკიანი] მე მაძლევს ხმას წიწუაშვილი: ქალბატონი თეა [წულუკიანი] მე მაძლევს ხმას](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000017204.jpg)


![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



