ახალი ამბები

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

16 თებერვალი, 2018 • 4129
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს

რუსეთის ფედერაციის 13 მოქალაქეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, 5 მათგანს პერსონალური ინფორმაციის მოპარვაში ედება ბრალი, სამს- შპიონაჟში.

ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრალის წაყენების თაობაზე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გაავრცელა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის კამპანიასთან შესაძლო კავშირს იძიებს.

განცხადებაში ასევე ნახსენებია 3 რუსული კომპანია. როგორც მიულერი ამბობს, ბრალდებულების ნაწილი აშშ-ში კომპოუტერულ მოწყობილობებს იყენებდა, რათა რუსული კვალი და საკუთარი ქმედებები დაეფარათ.

“ბრალდებულები სოციალურ ქსელებში ყალბ ექაუნთებს არეგისტრირებდნენ და თავს აშშ-ის მოქალაქეებად ასაღებდნენ. მათი მიზანი ამერიკელი აუდიტორიის მიზიდვა იყო. ბრალდებულებმა და მათმა მოკავშირეებმა ასევე შექმნეს რამდენიმე twitter-ის გვერდი, სადაც თავს აშშ-ის მოქალაქეებად, ან მათ ჯგუფად ასაღებდნენ” – ამბობს მიულერი.

როგორც CNN იუწყება, ბრალდებულები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ საინფორმაციო ომს აწარმოებდნენ და სხვა კანდიდატების მიმართ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ფოტო: EPA

 

გამოძიება მოიცავს 2014 წლიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს.


რუსეთის კავშირს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან ჯერ კიდევ 2016 წელს ხედავდნენ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა, – წერდა ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” (The Washington Post).

გამოცემის თანახმად, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაადგინა იმ პირების ვინაობა, ვისაც რუსეთის მთავრობასთან ჰქონდათ კავშირები და “ვიკილიქსს” (ორგანიზაციას, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ხშირად – საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს) ათასობით ელექტრონული შეტყობინება მიაწოდეს დემოკრატიული პარტიის სერვერის გატეხის შედეგად. გამოცემა თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ფაქტი უფრო ფართომასშტაბიანი რუსული ოპერაციის ნაწილი იყო, რათა ტრამპის გამარჯვებისათვის ხელი შეეწყოთ და კლინტონის პრეზიდენტობის შანსები შეემცირებინათ.

ტრამპი რუსეთთან კავშირებს უარყოფდა. ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნები კი მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად ხელმძღავნელობდა კიბერთავდასხმებს, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელდა. ეს იყო შურისძიება ჰილარი კლინტონზე, – წერდაNBC. მედიასაშუალებამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებისგან.

 

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატების” კანდიდატი ჰილარი კლინტონი  რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპთან დამარცხდა. დონალდ ტრამპის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი