ახალი ამბები

ნარმანიას მერობის პერიოდში დარგული ხეების მესამედი გახმა – აუდიტის სამსახური

16 თებერვალი, 2018 • 3674
ნარმანიას მერობის პერიოდში დარგული ხეების მესამედი გახმა – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015–16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა.

აუდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში გამწვანების საქალაქო სამსახურმა 24 730 300 ლარი დახარჯა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე დარგო.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია შემდეგი ხარვეზები:

  • 2015 წლის განმავლობაში ხე-მცენარეების დარგვისა და მოვლის სამუშაოები მერიამ
    შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რითაც მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა;
  • მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო დარგულ ნერგებზე მეტი ორმოები, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება კი არაეფექტიანი ხარჯია;
  • განაშენიანებული ნარგავების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს;
  • გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული, რადგან ხელშეკრულების პირობები გამხმარი ნარგავების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა;
  • მერიამ ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ხე-მცენარეების სრულად განაშენიანება;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ცალკეულ შემთხვევებში არ ან ვერ გამოიყენა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი.
  • თბილისის მერიას ზოგიერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ ჰქონდა შერჩეული სათანადო ტერიტორია ხე-მცენარეების განაშენიანებისათვის და ნარგავები გადასცა თბილისის რაიონის გამგეობებს. ნარგავების ძირითადი ნაწილი გახმა, რის გამოც შესაბამისი თანხები დაიხარჯა არაეფექტიანად.
  • ახალი ზოოპარკის შემოღობვის პროცესში, სამუშაოების ნაწილის მოცულობების კორექტირებები არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში. შესაბამისად, სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება საჭიროებს ხელახლა გაანგარიშებას;
  • ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ გაშენებული ნარგავების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს. მერიამ გასწია არაეფექტიანი ხარჯი.

თბილისის ზღვისა და დენდროლოგიური პარკის ტერიტორია

აუდიტის სამსახურის მიხედვით, 2015 წელს თბილისის მერიამ მთავრობას წარუდგინა პროექტი, რომ წლის განმავლობაში დარგავდა 400 000 ხე-მცენარეს, მათგან 200 000-ს გაზაფხულზე, ხოლო 200 000-ს – შემოდგომაზე.

გაზაფხულზე თბილისის მთავრობამ შეისყიდა 72 043 ხე-მცენარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მესამედი დარგო იმ ხეებისა, რაც უნდა დაერგო გაზაფხულზე, ხოლო საშემოდგომო რგვებზე მერიამ შეისყიდა 326 100 ხე-მცენარე და სულ დარგო 398 143 ხე-მცენარე.

ანგარიშის მიხედვით, ნარგავები ძირითადად გაშენებულია თბილისის დენდროლოგიური პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფაქტობრივად დაიხარჯა 826 400 ლარი.

  • გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს „მექანიზატორთან“, ღირებულებით 273 000 ლარი. მიმწოდებელს 200 000 ორმო უნდა ამოეღო საგაზაფხულო რგვებისათვის, ხოლო დანარჩენი – საშემოდგომოდ;
  • „მექანიზატორმა“ საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო 91 257 ერთეული ორმო, რისთვისაც აუნაზღაურდა 59.3 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებით ირკვევა, რომ იმავე პერიოდში 72 043 ძირი ნერგი დარგო, რაც 19 214-ით ნაკლებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული ამოღებული ორმოების რაოდენობაზე;
  • ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება 12 5000 ლარია, შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, მერიამ თანხა დახარჯა არაეფექტიანად.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ზღვისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც 2015 წელს მთავრობის განკარგულების ფარგლებში გაშენდა 326 100 ძირი ხე-მცენარე.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ შპს „თბილისის პარკებს“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი განკარგულებებით დაავალა დენდროლოგიურ პარკსა და თბილისის ზღვის მიმდებარედ, ასევე სხვა უბნებში დარგული ახალგაზრდა ხე-მცენარეების მორწყვა და მოვლა-პატრონობა.

  • ამ მიზნით იურიდიულმა პირებმა 2016 წელს მიიღეს სულ 400 000 ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017 წლიდან ტერიტორიების მოვლა-პატრონობა არ ხორციელდება და არ ჩატარებულა არანაირი აგრო-ტექნიკური ღონისძიება.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა, 4 ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე 20 ათასი ნერგის გაშენების მომსახურება. ხელშეკრულებების შესრულების პროცესში მერიამ არ დაუკვეთა ნერგების სრული რაოდენობა და ვერ აითვისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობები.

  • საგაზაფხულო რგვებზე 20 ათასის ნაცვლად დაირგო 13 ათასი ნერგი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოცემული პერიოდისათვის სამსახურმა აღნიშნულ კომპანიას ვერ გამოუყო გასანაშენიანებელი ტერიტორიების საჭირო რაოდენობა, ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ვერ მოესწრო დამატებითი ტერიტორიების მოძიება.
  • ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შემსყიდველთან შეთანხმებით, 13 ათასიდან 10 ათასამდე ნერგი გადაეცა ქ. თბილისის რაიონების გამგეობებს. გამგეობებმა თავად უზრუნველყვეს მცენარეთა გაშენება სხვადასხვა ტერიტორიაზე. მიმწოდებელს აუნაზღაურდა მხოლოდ ნერგის, ჭიგოსა და სამაგრის ღირებულება, ჯამში – 106.4 ათასი ლარის ოდენობით.
  • აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის მარტში დაათვალიერა ნარგაობების განაშენიანების ადგილები. გამოვლინდა, რომ ხე-მცენარეების ძირითადი ნაწილი გამხმარი იყო.

ზოოპარკის შემოღობვა

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2015 წელს ზოოპარკის შემოღობვის სამუშაოებისთვის შპს „დაგის“ სრულად აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებული თანხა – 1 420 900 ათასი ლარის ოდენობით.

  • მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების აქტებში არასწორად ასახა მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები;
  • მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააწესა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები შესაბამისობაში ყოფილიყო სამუშაოების ფაქტობრივ მოცულობებთან.

ონკოლოგიურის ტერიტორია

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2015 წელს ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ დაირგო იფნისა და ნეკერჩხლის 1 369 ძირი ნერგი.

  • ტერიტორიის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნარგავების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს (ორმო ცარიელია);
  • ხეების დარჩენილი ნაწილი ძირითადად ჭიგოს გარეშეა, ან არ არის მასზე მიმაგრებული;
  • პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ტერიტორია არ იმყოფება გამწვანების სამსახურის მოვლა-პატრონობის ქვეშ;
  • ნეკერჩხლის 684 ნერგის გაშენებაში მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 5 200 ლარი, ხოლო იფნის 685 ნერგისათვის – 4 900 ლარი. აუდიტის ობიექტმა გასწია სულ 10 100 ლარის არაეფექტიანი ხარჯი, რადგან საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფით განსაზღვრული მიზანი ტერიტორიის განაშენიანების შესახებ, არ არის მიღწეული.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის სრულად გასაცნობად გადადით ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი