“დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი სიცრუე გაავრცელა და განაცხადა, თითქოსდა მთავრობა მესტიის საბაგიროს გაყიდვას ცდილობს. საქართველოს მთავრობა არათუ არ აპირებს მის გაყიდვას, არამედ ცდილობს, წინა მთავრობის მიერ დატოვებული მანკიერებები აღმოფხვრას და მესტიაში საკურორტო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განავითაროს” – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელბულ განცახდებაში.
დღეისათვის მესტიაში, ჰაწვალი-ზურულდის მონაკვეთზე, ფუნქციონირებს ერთადერთი საბაგირო, რომელიც ამ წუთისთვისაც მუშაობს. წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული საბაგიროს გამართული ფუნქციონირებისთვის 440 ათასი ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, მესტიაში თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის 3,2 ჰექტარზე მოეწყო სასაწყობე მეურნეობა, სადაც უკვე დასაწყობებულია 60 კონტეინერი. დამატებით, წლის ბოლომდე ველოდებით 100 კონტეინერის მიღებას. მთლიანობაში, წელს, ოქტომბრის ბოლომდე დასაწყობდება 170-მდე კონტეინერი, ხოლო 2014 წლიდან დაიწყება ახალი საბაგირო გზების დამონტაჟება.
“აქვე გვინდა განვაცხადოთ ისიც, რომ წინა ხელისუფლების პირობებში თეთნულდის განვითარების სრულყოფილი პროექტი არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ძირითადი პარამეტრები და ნიშნულები, სადაც საბაგიროები უნდა დამონტაჟებულიყო. ამჟამად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, წყალარინების, შიდა გზებისა და ა.შ. სწორედ ამგვარი დეტალური პროექტი მოგვცემს თეთნულდის საკურორტო ზოლის სწორად და ეფექტურად განვითარების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მიზანმიმართულად ცრუობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, თავი შეიკავონ მიზანმიმართული და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ყოველივე ეს მათი მხრიდან უკვე არასერიოზულ ხასიათს იღებს”– ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეთნულდის საბაგიროს შესაძლო გაყიდვის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
“სამწუხაროდ, ვერტმფრენები ერთადერთი ფრანგული პროექტი არაა, რომლის ჩაგდებასაც მთავრობა ცდილობს. იმავეს ვხედავთ მესტიის საბაგირო გზის მაგალითზე, რომელიც მთლიანად სოციალური პროექტი იყო და მას ასობით ადგილობრივი მკვიდრის პირდაპირი დასაქმება და ტურიზმის განვითარება უნდა მოეტანა. სამწუხაროდ, მთავრობა ამ საბაგიროს გაყიდვასაც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მანაც ლაზიკის პროექტის, სარკინიგზო მაგისტრალის და სხვა მრავალ პროექტის ბედი გაიზიაროს. არადა ამ პროექტებით საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა იქმნებოდა“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
