“ნეტგაზეთს” კომპანიის თბილისის ოფისში განუცხადეს, რომ თვითმფრინავის დაყადაღების მიზეზები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი და შემაჯამებელი კომენტარი მენეჯმენტის მხრიდან შემდეგ გაკეთდება.
“ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი დაყადაღებულია ბრიუსელის აეროპორტში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მგზავრები არ დაზარალდნენ” – აცხადებს კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ირინა გოგია.
როგორც მან “ნეტგაზეთს” განუმარტა, “ფლაი ჯორჯიას” პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან:”ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან კომპანიას. ახლა მიმდიანარეობს გარკვევა, რა ძალების მიერ ხდება პრობლემების შექმნა. ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ.”
სამი ირანელი ბიზნესმენი, რომლებიც საქართველოში ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯიას“, ინვესტბანკს და სხვა ბიზნესებს ფლობენ, ოფიციალურ თეირანთან მჭიდრო კავშირში გავლენიანმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“დაადანაშაულა.
მანინ “ნეტგაზეთს”„ფლაი ჯორჯიას“ მენეჯერმა ანი დათიაშვილმა განუცხადა, რომ კომპანიას ანგარიშების გაყინვა არ ემუქრება:“საკმაოდ გამჭვირვალე და დიდი კომპანიაა „ფლაი ჯორჯია“. ბაზარზე ერთი წელია გამოჩნდა და თვითონ კომპანიის მუშაობის სტილი მყარია და სტაბილური. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შექმნია კომპანიას ფინანსურად ჯერჯერობით. თანამშრომლების ხელფასები ჩვეულებრივ გაიცემა.“
“ფლაი ჯორჯიას” მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანია საქართველოს ავიაბაზრიდან გასვლას არ გეგმავდა და ახალი რეისების დამატებასაც აპირებდა: „ამ ეტაპზე გვაქვს ბრიუსელის, დუსელდორფის, კიევის, დუბაის, ბაღდადის, თეირანის მიმართულებით. ძალიან მალე ჩამოგვყავს ახალი თვითმფრინავი და ფრანკფურტის, ბარსელონას, სტოქჰოლომის და ლონდონის რეისებს დავამეტებთ“.
„ფლაი ჯორჯია“ ადგილობრივ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. კომპანია ორანის სამმა მოქალაქემ დააფუძნა. ჰოუშენგ ჰოსეინფორი კომპანიის 25%–ს, ფურია ნაიები 25% –ს, ხოლო მოჰამმად ბაგერ ნაჰვი 50%–ს ფლობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წელს კომპანიის მოწილე საქართველოს ორი მოქალაქე გახდა. „ფლაი ჯორჯიაში“ ივანე ნადაშვილი 5% –ს, მერაბ ჩიხრაძე 15% ფლობს. ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი- 25% პროცენტს, ხოლო შპს ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯია -15%–ს. საკონტროლო პაკეტის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Caucasus Energy, რომლის წილიც კომპანიაში 40%–ია.
საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანია “ქორფორეით ლეგალ ქონსალთინგ ჯორჯიას” 50–50 პროცენტს ვლადიმერ გაბრიელაშვილი და დიმიტრი ალექსიძე ინაწილებენ. ხოლო Caucasus Energy–ის 100 პროცენტს ჰოუშენგ ფარსუდეჰ, სენტ-კიტსი და ნევისი ფლობს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 ივნისს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო იზრდება ირანელების ინვესტიცია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილია 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით.
აღნიშნული სტატიის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.
“როგორც კი გაეროდან რეზოლუციის სახით შემოდის ეს სიები, თუ აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვთ ჩვენთან საბანკო ანგარიშები, ეს ანგარიშები მოსამართლის გადაწყვეტილებით იყინება”, – განაცხადა წულუკიანმა.
ბირთვული იარაღის წარმოების გამო გაერომ ირანს სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვულ იარაღის წარმოებასთან ირანში. 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის.
გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2014 წლის 9 ივლისამდე გახანგრძლივდა მანდატი ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდება.
2013 წლის 1 ივლისიდან კი, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ირანთან საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.








