ახალი ამბები

ჟვანია: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის საკითხზე გადაწყვეტილება კანონშესაბამისია

11 სექტემბერი, 2013 • 1204
ჟვანია: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის საკითხზე გადაწყვეტილება კანონშესაბამისია

“რაც შეეხება ქალბატონი სალომეს საკითხს, მე დეტალურად არ გავცნობივარ ამ საკითხს, მე არ მინახავს დოკუმენტაცია, თუმცა ვიცი, რომ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო ცესკომ, რამდენიმე მოსამართლემ და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ საკანონმდებლო ჭრილში. რაც შეეხება მორალურ პოზიციას, რა თქმა უნდა, ადამიანურად მე შეიძლება მქონდეს პოზიცია, მაგრამ როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, ერთადერთი, რაც შემიძლია განვაცხადო,  არის ის, რომ ჩვენი პასუხი იქნება კანონშესაბამისი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იგი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებმაც იგი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურად წარადგინეს, ჟვანია ასე პასუხობს:

 

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დოკუმენტაცია ზუსტად არ ვიცი, არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ რაც შეეხება ინტერპრეტაციებს, როცა კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და არის კითხვები, ორივე მხარეს აქვს გარკვეული არგუმენტები, მე როგორც ვიცი და მისწავლია, სასამართლოს აქვს პრეროგატივა, რომ განმარტება გააკეთოს და სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რაც სახეზე გვაქვს. საკანონმდებლო პრობლემა ნამდვილად ჩანს იმიტომ, რომ კანონი ნათლად და ზუსტად არ განმარტავს ამ საკითხს და სწორედ ამიტომ იბადება ასეთი კითხვები. ჩვენ შევეცდებით, რომ როგორც ადმინისტრაცია, კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს “თავისუფალი დემოკრატებიდან” ემზარ კაკულიას, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ემზარ ჟვანია ამბობს, რომ მანამ, სანამ აღნიშნულ პოსტზე თამარ ჟვანიას დაამტკიცებდნენ, მასთან შედგა საუბარი ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე და თამარ ჟვანიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სასამართლოსა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით არის სწორი.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და დააფიქსირა თუ არა თამარ ჟვანიამ თავისი პოზიცია ამ საკითხზე ამგვარად, ჟვანია პასუხობს:

 

“ასეთი ცალსახა მესიჯი არ ყოფილა, მე მაშინ დავაფიქსირე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემთხვევა ცესკოს პოზიციას, როგორც ჩანს, ეს არის კანონშესაბამისი”

 

სალომე ზურაბიშვილის ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა ცენტრალურმა კომისიამ, ზურაბიშვილის საჩივარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი