ახალი ამბები

ბიუჯეტში წინასწარ ჩაწერილი სუბიექტები, რომლებიც ტენდერში თვეების შემდეგ იმარჯვებენ

14 თებერვალი, 2018 •
ბიუჯეტში წინასწარ ჩაწერილი სუბიექტები, რომლებიც ტენდერში თვეების შემდეგ იმარჯვებენ

ნინოწმინდაში უკვე წლებია, ბიუჯეტის პროექტში წინსმწრებად წერენ იმ ორგანიზაციის დასახელებას, რომელმაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას საინფორმაციო მომსახურება უნდა გაუწიოს. შემდეგ ამტკიცებენ ბიუჯეტს, აცხადებენ ტენდერს და ტენდერში გამარჯვებულად აცხადებენ იმ ორგანიზაციას, რომლის სახელიც ჯერ კიდევ ბიუჯეტის პროექტში წინასწარ ეწერა.

ნინოწმინდის 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში წერია:

“პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტპორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება ტელეკომპანია „ფარვანა“ და შპს „არშალუის.”

ნინოწმინდის 2018 წლის ბიუჯეტი 2017 წლის 25 დეკემბერს დაამტკიცეს, ხოლო ტენდერი საინფორმაციო მომსახურებაზე 20 დღის შემდეგ, 2018 წლის 15 იანვარს გამოაცხადეს. შესაბამისაც, მუნიციპალიტეტში, წესით, წინასწარ არ უნდა სცოდნოდათ, რომ სამომავლოდ ტენდერში აუცილებლად შპს “ფარვანა” გაიმარჯვებდა. მუნიციპალიტეტმა ტელეკომპანიისგან საინფორმაციო მომსახურება 50 ათას ლარად შეიძინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სალომე მაღრაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების პრინციპს.

“პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში პირდაპირ ეწერა, ვინ უნდა დაეფინანსებინათ, ანუ მათ უკვე იცოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა. ჩნდება კითხვა, როგორ იცოდნენ? პრობლემაა, როცა ბიუჯეტში წინასწარ წერია, რომ დაფინანსება – “ფარვანა” და ა.შ. და მერე ატარებდნენ ტენდერს. ბიუჯეტში არ უნდა იყოს ჩანაწერი, ვის აფინანსებს, თუ ტენდერი არ აქვს ჩატარებული” – ამბობს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში საიას იურისტი, სალომე საღარაძე.

როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ ჩაიწერა სამომავლოდ გამოსაცხადებელ ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა. ასეთი რამ ეწერა 2017 წლის ბიუჯეტშიც და იმ დროსაც წინაწარ გადაწყდა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა შპს “არშალუისი” და გადაცემა “ფარვანა”. ხოლო ტენდერი, რომლის საშუალებითაც გამარჯვებული გამოვლინდა, დაახლოებით ორ თვეში ჩატარდა. “არშალუისი” და “ფარვანა” ამავე სქემით დააფინანსეს 2016 წელსაც.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად მიმართა ნინოწმინდის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიას.

“ფარვანასთან” დაკავშირებით ჩვენ შეცდომა დავუშვით, ტენდერი ჯერ არ იყო გამოცხადებული. შემდეგში ამას აუცილებლად წავშლით. უბრალოდ, “ფარვანას” ნაცვლად უნდა ჩაგვეწერა “ტელევიზია”. ეს მექანიკური შეცდომაა, აუცილებლად შევასწორებთ. შემდეგი ბიუჯეტის დამტკიცებისას ასეთი შეცდომა აღარ იქნება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინოწმინდის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, სამველ არზუმანიანმა.

დამტკიცებულ ბიუჯეტში არსებული სხვა დარღვევები

“საიას” იურისტმა თეონა ჯინჭარაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ნინოწმინდის დამტკიცებულ ბიუჯეტში, საბიუჯეტო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ბ ქვე-პუნქტით, კანონდარღვევა იკვეთება, რაც საბიუჯეტო დაწესებულებას ავალდებულებს, წარადგინოს მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები, მათი დაფინანსება, აღწერა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორები.

“ბიუჯეტის შესაბამის პუნქტში ასეთი ფორმულირებაა, რომ დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა “ფარვანა” და შპს “არშალუისი”, აქ დანარჩენი დასაბუთება, რაც ნებისმიერმა საბიუჯეტო დაწესებულებამ უნდა წარადგინოს, ანუ მოსალოდნელი შედეგები, შეფასების ინდიკატორები, რას უკავშირდება, რა საფუძვლით არჩევს დაწესებულება ამ სუბიექტს დაფინანსების მიმღებად, არ იკვეთება. ეს არის საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნა” – აცხადებს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში “საიას” იურისტი, თეონა ჯინჭარაძე.

ამ საკითხის გასარკვევად “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მათი განცხადებით, 2016, 2017, 2018 წლების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები გაწერილია ბიუჯეტის მე-16 მუხლში, ეს კი კანონით მოთხოვნილ ვალდებულებებს არ აკმაყოფილებს.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სიტუაციაა ახალქალაქშიც. ადგილობრივი მედიასაშუალება jnews.ge-ს რედაქტორის, რიმა გარიბიანის თქმით, ისინი არ იღებენ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას, რადგან ყოველ წელს ერთი და იგივე ორგანიზაცია იგებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენ ამ ტენდერებში მონაწილეობა მივიღოთ, ჩვენ არ გვინდა. ასეა მიღებული, რომ ერთი და იგივე კომპანია იგებს სულ, ეს ტენდერი ფორმალურია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რიმა გარიბიანმა.
“ფარვანა” რეგიონული ტელეარხია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში სომხურ ენაზე 1990 წლიდან მაუწყებლობს. რაც შეეხება “არშალუისს”, აღნიშნული გაზეთი ამ სახელით სამცხე-ჯავახეთში 1991 წლიდან გამოდის. საქართველოს მედია-რუკის მონაცემებით, გაზეთი მთლიანად ადგილობრივი გამოცემის რესურსისთ ფინანსდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი