ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის მერიიდან დეპუტატი ქალის ცემის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გამოყარეს

14 თებერვალი, 2018 • 1930
ერევნის მერიიდან დეპუტატი ქალის ცემის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გამოყარეს

ერევნის მერიაში იმ ქალების წინააღმდეგაც გამოიყენეს ძალა, რომლებიც ჩინოვნიკების მიერ დეპუტატი ქალის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ. მერიის შესასვლელში შეკრებილი პროტესტის მონაწილეები პოლიციამ გარეთ გააძევა, მათ მიმართ ძალა გამოიყენა, რა დროსაც მათ ტანსაცმელი შემოახია.

აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერებით- “შენმა ცხვირმა ვერ გაუძლო სუნს, თვალები კი ძალადობას არის შეჩვეული?”, “მოძალადის ადგილი ციხეშია”, “მერია-ტირანია”.

“ჩვენ, ერევნის მერიასთან შეკრებილები, რომლებიც სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ გარდა იმისა, რომ უხუცესთა საბჭო იმ კაცებისგან გავათავისუფლოთ, რომლებიც თავს ესხმიან ოპოზიციონერ ქალებს. რომლებიც ხელს უწყობენ მათ ცემას და სექსუალურ შევიწროებას. დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. პოლიციამ ჩვენ წინააღმდეგ არათანაბარი ძალა გამოიყენა, ზოგიერთმა ჩვენგანმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ქალთა მიმართ ზეწოლას და ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს. დღევანდელი ინციდენტიც ამის ნაწილი იყო”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც ისინი მერიის შენობიდან გარეთ გამოაძევეს.

13 თებერვალს, ერევნის მერიის სხდომაზე დეპუტატ მარინა ხაჩატრიანს დეპუტატმა კაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სხდომაზე მერიის წევრებმა ოპოზიციური ფრაქციიდან “ერკირ ცირანი” [“გარგრის ქვეყანა”] შუშის ქილებით ბლანტი სითხე მიიტანეს – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო საკანალიზაციო წყალი ერევნის ადმინისტრაციული რაიონიდან, ნუბარაშენიდან, რომელსაც, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო ადგილობრივი მოსახლეობა სუნთქავს.

იმ დროს, როდესაც ოპოზიციური ფრაქციის წევრი მარინა ხაჩატრიანი წყლის გადასაცემად ერევნის მერთან, ტარონ მარკარიანთან მივიდა, მისი შეჩერება უსაფრთხოების სამსახურმა და მმართველი რესპუბლიური პარტიის ფრაქციის დეპუტატებმა სცადეს, რა დროსაც წყალი მერის მაგიდასთან დაიქცა. ტარონ მარკარიანი იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის წევრები დეპუტატ ქალს თავს მუშტებით დაესხნენ. მმართველი პარტიის წევრებს შორის იყო ასევე დეპუტატი გორ ვარდანიანი, კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი და მსახიობი. ჩხუბის გამო მერიაში დღევანდელი სხდომა შეწყდა. მოგვიანებით კი, ადგილზე მისულმა პოლიციამ სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინა.

2018 წლის 12 თებერვალს ნუბარაშენის რაიონის მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა რაიონის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი