ახალი ამბები

შსს: წელს საქართველოს 18.7%–ით მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე შარშან

11 სექტემბერი, 2013 • 1038
შსს: წელს საქართველოს 18.7%–ით მეტი ტურისტი ეწვია, ვიდრე შარშან

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ამ პერიოდში ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც, შსს–ს ინფორმაციით, 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

 

საქართველოში შემოსული ვიზიტორების 40% ტურისტია, მათ, საერთო ჯამში, 1 415 215 ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 18.7%–ით აღემატება. საერთო რაოდენობის 21% სატრანზიტო მიზნით ეწვია საქართველოს, მათი ვიზიტების რაოდენობა 758 872–ია, ეს მაჩვენებელი, შსს–ს ინფორმაციით, წინა წლისას 61%–ით აღემატება, ხოლო სხვა ვიზიტების რაოდენობამ 1 394 431 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20%–ით მეტია.

“2013 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+25%), აზერბაიჯანიდან (+21,9%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+44,2%), უკრაინიდან (+59,3%) და ირანიდან (-41,2%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აგვისტოს თვეებში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და ავსტრია (შესაბამისად- 72%, 35% და 30%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები – 64% –იანი მატებით”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი