აუდიტის სამსახური რამდენიმე პარტიას ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური აქვეყნებს წინასაარჩევნო კამპანიის 2 -თვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგებს.

აღნიშნული უწყების ინფორმაციით, 2013 წლის 1 ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში, ჯამში, განხორციელებულია 2,372,907.59 ლარის შემოწირულობა: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” 1,456,560.99 ლარი შესწირეს, თავისuფალ დემოკრატებს – 315,077.59, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას – 223,873.00 ლარი, რესპუბლიკელებს – 148,920.00 ლარი, “ეროვნულ ფორუმს” – 141,136.41 ლარი, კონსერვატიულ პარტიას – 79,995.00 ლარი, ხოლო სხვა პარტიებს – 7,344.60 ლარი.

 

“მონიტორინგის სამსახური ამზადებს მასალებს აღნიშნული შემოწირულობების შესასწავლად და ინფორმაციის სასამართლოს წესით შემოსავლების სამსახურიდან გამოსათხოვად. ამასთან, პოლიტიკური პარტიების მიერ 3-კვირიანი დეკლარაციებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა რამდენიმე დარღვევა, რომელთაგანაც საყურადღებოა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის N126/37 ბრძანების მოთხოვნების დარღვევა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ამასთან, პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ განახორციელოს აღნიშნული ოპერაცია. კერძოდ: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – გაურკვეველი დანიშნულებით ბანკომატიდან არის განაღდებული თანხები, რომლის შესახებაც კანონის მოთხოვნების დარღვევით ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის სამსახურში. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – 2013 წლის 8 ივლისს სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია 10500 ლარი, რის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს. საქართველოს ევროპელი დემოკრატები – სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია თანხები, რის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს”, – ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა“ − რაც იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

 

აუდიტის სამსახური
აუდიტის სამსახური

 

“ხსენებულ საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე სწავლობს პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”-ს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ: სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელზეც ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი სათანადო წესით -„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოსN137/37 ბრძანების პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინასაარჩევო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტისსამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს პარტიის მიერ წარმოდგენილ და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო შტაბებისა და ოფისების გახსნის შესახებ, რომელზეც ინფორმაცია შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში არ იქნა წარმოდგენილი. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გურიის რეგიონში საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციის შესახებ, რისთვისაც გამოყენებულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს რაიონული ოფისი. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებით ინფორმაციას სამსახური მიღებისთანავე გაცნობებთ. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეთა ყველა პოლიტიკური გაერთიანებას გაითვალისწინონ, მკაცრად დაიცვან ყველა მოქმედი ნორმა და საარჩენო კამპანია აწარმოონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ასევე მიმდინარეობს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებელი ცვლილებების საქმიანობის პრაქტიკაში დანერგვა, რისთვისაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად მომზადდა გენერალური აუდიტორის ბრძანება “პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 17.08.2012 წლის N142/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების ფორმები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნული შემოწირულობების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აუდიტის სამსახური ავრცელებს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge