ახალი ამბები

უწყებებს შორის შრომის ინსპექციაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს – აუდიტის დასკვნა

12 თებერვალი, 2018 • 2696
უწყებებს შორის შრომის ინსპექციაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს – აუდიტის დასკვნა

“პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არ არსებობს”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტს წარმოადგენს.

პასუხისმეგებლ უწყებებში აუდიტის სამსახური გულისხმობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობაში ჩართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ანგარიშის თანახმად, სწორედ სამმხრივი კომისიის ფორმატში განიხილება ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: შრომის კოდექსის განვითარება, არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისი მექანიზმის – შრომის ინსპექციის ფუნქციონირება, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა და სხვა.

“ამ მიმართულებით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვს მხარეთა შორის კოორდინირებული პოზიციის არსებობას”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშულია, რომ სინმადვილეში შრომის ინსპექციის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლამ გამოავლინა, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებებს საერთო პოზიცია არ აქვთ.

[red_box]შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის მანდატის გავრცელება შრომის უფლებების სრულ სპექტრზე[/red_box]

“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული 2017 წლის შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის პირველადი ვერსია მოიაზრებდა შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმებას. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, რასაც ინსპექტირების პროგრამა ამჟამად ფარავს, პირველადი ვერსია მოიცავდა შრომით ხელშეკრულებას, ანაზღაურებას, ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს, ავადმყოფობის გამო მოცდენის ანაზღაურებას, შვებულებით სარგებლობას და სხვა შრომით უფლებებს.

პირველადი ვერსია კომენტარებისთვის გაეგზავნა სამმხრივ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სახელმწიფო უწყებებს და დაინტერესებულ მხარეებს. იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ინსპექტირების პროგრამა არსებულ ფორმატში დამსაქმებლებისთვის ნებაყოფლობითია და საკონსულტაციო ხასიათს ატარებს, შრომით უფლებებზე მისი გავრცელება დამსაქმებლებისთვის დასაქმებულების შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების და შემდგომში მსჯელობის გამარტივების გზად მოიაზრებოდა. თუმცა თავის შენიშვნებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იყო, პროგრამის ტექსტში შესულიყო ცვლილება და შრომის პირობების ნაცვლად, მითითება გაკეთებულიყო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. შედეგად, პროგრამის საქმიანობა ისევ სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლა”, – ნათქვამია დასკვნაში.

[red_box]შრომის ინსპექციისთვის ზედამხედველობისა და სანქცირების უფლებამოსილებების მინიჭება[/red_box]

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თავდაპირველი ვერსიაც უფლებას მისცემდა შრომის ინსპექციას, განეხორციელებინა დამსაქმებელთა კანონთან შესაბამისობის კონტროლი.

“თავის შენიშვნებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მსგავსი ცვლილებების დანერგვა საჭიროებდა შემდგომ მსჯელობას და ბიზნესთან განხილვას და მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რადგან მსგავსი ხასიათის კონტროლი უარყოფითად აისახებოდა ბიზნეს- გარემოზე და დამატებით ბარიერებს შეუქმნიდა მეწარმეებს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი არგუმენტი არ იყო გამყარებული რაიმე სახის ემპირიული კვლევით, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ნეგატიურ პროგნოზებს, სამინისტრომ გაითვალისწინა შენიშვნები და აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდა.

შედეგად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივების მიუხედავად, შრომის ინსპექციის საქმიანობა დღესდღეობით მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით შემოიფარგლება”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მიგნებები შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებზე

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სტაბილური შრომითი ურთიერთობები ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. აღნიშნული მოიაზრებს დამსაქმებლების ეკონომიკურ ინტერესებსა და დასაქმებულთა უფლებებს შორის ბალანსის მიღწევას და შენარჩუნებას, რაც სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს.

“უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო შეფასებების და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც შრომით ურთიერთობებში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად შექმნილი მექანიზმები და განხორციელებული ღონისძიებები.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო რიგი ცვლილებების განხორციელება: საქართველოს შრომის კოდექსში შეიქმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები, მაგალითად, დეტალურ რეგულირებას დაექვემდებარა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, სამუშაო და დასვენების დროის თაობაზე ნორმები, ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები და სხვა.

2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შრომის არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. შრომის სამართლის სფეროში 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა აისახოს ევროკავშირის 4 დირექტივა, რაც აღსრულების ნაწილში სანქცირების უფლებით აღჭურვილი საზედამხედველო ორგანოს – შრომის ინსპექციის არსებობას მოითხოვს.

აღნიშნული ცვლილებების დროულად და სათანადოდ განხორციელებას საფრთხეს უქმნის ის გარემოება, რომ ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართულ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის არ არსებობს ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დასკვნაში.

კვლევის მიხედვით, 2015 წელს აღნიშნული მექანიზმის ჩამოყალიბებიდან დღემდე შრომის ინსპექცია საქმიანობას ახორციელებს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, რაც გულისხმობს დამსაქმებელთა წინასწარი თანხმობით სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შემოწმებას და შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციის გაცემას.

“შრომის ინსპექციის აღნიშნული ფორმატი არ შეესაბამება ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენასა და აღკვეთას, რასაც არსებითად ნეგატიური გავლენა აქვს საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე.

შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა დაცვას და ინტერესთა ბალანსის მიღწევას ასევე ართულებს ის გარემოება, რომ დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებული საკუთარი შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი დასახულ მიზანთან მიმართებაში”.

ზემოთ განხილული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

რეკომენდაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლების ეკონომიკურ ინტერესებსა და დასაქმებულთა უფლებებს შორის ბალანსის მიღწევის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სოციალურ პარტნიორებთან, მათ შორის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად საჭირო მსჯელობისა და განხილვის ორგანიზება, რათა, მხარეების დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის და განხილვის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, მოხდეს შრომის ინსპექციის ადეკვატური უფლებამოსილებებით აღჭურვა. აღნიშნული პროცესის საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია შრომის პირობების ინსპექტირების უკვე არსებული პროგრამის გავრცელება შრომითი უფლებების უფრო ფართო სპექტრზე (შრომითი ხელშეკრულებები, ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულების უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო და სხვა).
  • შრომითი უფლებების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ამ მიმართულებით კომუნიკაციის სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული მიზნები, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედითი ღონისძიებები და მიღწეული შედეგების შესაფასებლად საჭირო გაზომვადი ინდიკატორები. მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მნიშვნელოვანია, სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამინისტრომ განსაზღვროს სამიზნე ჯგუფები პრიორიტეტების მიხედვით.
  •  დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით უკვე არსებული მექანიზმების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოახდინოს კომუნიკაციის არსებულ საშუალებებში (მაგალითად, worknet-ზე რეგისტრაციის და დასაქმების ადგილის შერჩევის დროს, ტრენინგების დროს) შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კომპონენტის ჩართვა.

აუდიტის ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი 2017  წლის 1 ივნისს შევიდა პარლამენტში, პირველი მოსმენით მალევე უყარეს კენჭი, თუმცა მეორე მოსმენაზე ამ დრომდე ვერ გავიდა.

ეს კანონპროექტი გუშინ, 5 თებერვალს პარლამენტის ჯანმდაცვის კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები – EMC და საია მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეჯერდნენ ეფექტიანი “შრომის უსაფრთხოების კანონის” ტექსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი