ახალი ამბები

ბელგიასთან მსოფლიო თასზე ფიქრებით | რაგბი

9 თებერვალი, 2018 • 2213
ბელგიასთან მსოფლიო თასზე ფიქრებით | რაგბი

10 თებერვალს 14:00 საათზე, “რაგბი ევროპის” 2018 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩი ქუთაისში, “აია არენაზე” გაიმართება. რაგბის კავშირის განცხადებით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ხვალინდელი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა 23 მოთამაშე შეარჩიეს, რომელთაგან 11-ს ნაკრების რიგებში აქამდე 10-ზე ნაკლებჯერ უთამაშია, ხოლო მათგან ორს კი ხვალ დებიუტი ექნება, თუკი მარქაფიდან [სათადარიგოები] მოედანზე გავლენ (მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია).

აუტსაიდერ ბელგიასთან თამაშს სამწვრთნელო შტაბი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად იყენებს და შედარებით გამოუცდელ მორაგბეებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. თუმცა სამატჩო განაცხადში 10 გამოცდილი მორაგბეც არის. მერაბ შარიქაძის არყოფნაში გუნდს გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს (76 თამაში ნაკრებში), რომელიც წარმოშობით ქუთაისიდან არის და ამჟამად ინგლისური ბრისთოლის რიგებში თამაშობს. ნემსაძე გუნდს პირველად უკაპიტნებს და ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით 30-ე კაპიტანი იქნება.

გიორგი ნემსაძე © ლევან ვერძეული

მოედანზე იქნება 104 კეპის [ნაკრებში ჩატარებული მატჩების ოდენობა] მქონე დავით კაჭარავა. ძირითად შემადგენლობაშია ასევე სარაგბო კლუბ “ბათუმისა” და ეროვნული ნაკრების გამოცდილი მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

ნაკრების შემადგენლობა © რაგბის კავშირი

რაგბის ეროვნული ნაკრების თამაში ქუთაისში ბოლოს 2005 წელს გაიმართა. მაშინდელი “ერთა თასის” (ამჟამინდელი “რაგბი ევროპის ჩემპიონატი”) ფარგლებში საქართველომ ჩეხეთი 75:10 დაამარცხა. მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებს შინ გამართული მატჩებიდან თბილისის გარეთ მხოლოდ რუსთავში უთამაშია- 2013 და 2017 წლებში (თუ არ ჩავთვლით 2010 წელს რუსეთის წინააღმდეგ ტრაბზობში გამართულ მატჩს, სადაც საქართველო ნომინალური მასპინძელი იყო).

რაგბი ევროპის შარშანდელი გათამაშება ბელგიამ ბოლო ადგილზე, უქულოდ დაასრულა და წლევანდელ გათამაშებაშიც აუტსაიდერად მიიჩნევა. წარსულში საქართველო ბელგიას სამჯერ შეხვდა, ორჯერ გასვლაზე და ერთხელ შინ. ბალანსი საქართველოს სასარგებლოდ არის, სამი მოგებით და 0 წაგებით. შინ საქართველო ბელგიას ბოლოს 2014 წელს შეხვდა ავჭალის სარაგბო სტადიონზე და რთულ კლიმატურ პირობებში 35:0 დაამარცხა..

საქართველო VS ბელგია 2014 წელს © ლევან ვერძეული

საქართველო VS ბელგია 2014 წელს © ლევან ვერძეული

“რაგბი ევროპის” ჩემპიონატი ამავდროულად 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირიცაა, თუმცა საქართველომ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება წინსწრებით, 2015 წლის მსოფლიო თასზე ორი გამარჯვების წყალობით უკვე მოიპოვა. 2017 და 2018 წლების “რაგბი ევროპის” გამარჯვებული ავტომატურად გადის 2019 წლის მსოფლიო თასზე, ოღონდ გუნდებს საქართველოსთან გამართული მატჩები არ ეთვლებათ. ამჟამინდელი მდგომარეობით, საკვალიფიკაციო ცხრილს რუმინეთი ლიდერობს 15 ქულით, ხოლო უახლოეს მდევარს – ესპანეთს, 13 ქულა აქვს.

მატჩი ხვალ, შაბათს, 14:00-ზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში ორ არხზე – რაგბი TV-სა და ტელეკომპანია იმედზე გადაიცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი