თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ნიკა გვარამია ჭორაობს:
“როგორც ჩანს, მას ძალიან ბევრი დრო აქვს და ჭორაობს და მე ჭორაობისთვის ნამდვილად არ მცალია. სამარცხვინოა, უბრალოდ, რაც მან დღეს თქვა. დაასახელოს გვარი-სახელი იმ ჟურნალისტის, რომელზეც საუბრობდა. მოვისინოთ მისი კომენტარი და შემდეგ, რა თქმა უნდა, გავაკეთებ ამაზე განცხადებას. უბრალოდ, არასერიოზულ თემაზე არ ვაპირებ საუბარს.”

ხიდაშელის განმარტებით, “რუსთავი 2″–სგან რამდენიმე საკითხზე გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა, მისი მტკიცებით, გვარამიამ სამივე წერილი უპასუხოდ დატოვა:
“მაგალითად, ხუმრობით რომ მოიხსენია, გასართობ გადაცემებზე გვკითხესო, გასართობ გადაცემაზე იმიტომ ვკითხეთ, რომ ჩვენთან შემოსულია საჩივარი, რომელშიც წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა ფულს ეს გადაცემა. მე დღეს ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. სწორედ ამიტომ გავუგზავნეთ მას შეკითხვა, რომელიც უპასუხოდ დატოვა, რაც გვიტოვებს იმის ვარაუდის უფლებას, ვიფოქროთ რომ სიმართლეა საჩივარში წარმოდგენილი ინფორმაცია და ამიტომ არ გვპასუხობს წერილზე. თუმცა ვნახოთ, დაკითხვის დროს რა დოკუმენტებს მოიტანს.”
დეპუტატის თქმით, თუ გვარამია პარლამენტში არ გამოცხადდა, კომისიას მისი იძულებით მოყვანა შეუძლია:
“ამას არ ვაპირებთ, ეს მისი არჩევანია. მან დღეს ისიც თქვა, რომ თურმე მე პროკურატურისთვის უნდა მიმემართა. მშვიდად იყოს, აუცილებლად მივმართავ, მაგრამ მაშინ, როდესაც ამას მე ჩავთვლი საჭიროდ და არა მაშინ, როცა ნიკა გვარამია გადაწყეტს. “
დღეს, თინა ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ნიკა გვარამია ერთადერთი ადამიანია, ვინც დროებით საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობს:
“ჩვენ დავიბარებთ მას დაკითხვაზე და იმედია, მობრძანდება პარლამენტში და გაგვცემს ყველა კითხვაზე პასუხს.”
საპასუხო განცხადებით, გვარამია თინა ხიდაშელს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს:
“სამწუხაროდ, ქალბატონი ხიდაშელის განცხადებაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა. მე ვიტყოდი, შეგნებული უზუსტობა, რასაც ადამიანურ ენაზე სიცრუე ჰქვია. ასევე, არის კვლაიფიკაციის პრობლემებიც, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან სიცრუის და კვალიფიკაციის პრობლემის ტირაჟირება მოხდა. მე წაგიკითხავთ მოთხოვნებს, რომელიც ქალბატონ ხიდაშელს აქვს გამოგზავნილი: პირველ წერილში მან გვთხოვა [ინფორმაციას იმის შესახებ] სამაუწყებლო ბადეში როგორ იქნა განთავსებული გასართობი გადაცემები – ეს მიგვეწოდებინა, მეორე წერილში გვთხოვა მიგვეწოდებინა, როგორ ხდება რეკლამის განთავსება და რომელი კომპანია უწევდა მომსახურებას [რუსთავი 2–ს] და მესამე წერილში გვთხოვა, რომ კონკრეტული გადაცემების და შესყიდვების შემთხვევები გაგვეშუქებინა… თუ ვინმე მეტყვის, ეს რა კავშირშია რუსთავი 2–ის წილებთან, ძალიან მადლობელი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი კომერციული საიდუმლოება, ბუნებრივია, ჩვენ ამ შეკითხვებს აუცილებლად გავცემდით პასუხებს იმ ვითარებაში, როდესაც კანონით უფლებამოსილი ორგანო მოგვმართავდა ამის თაობაზე. კანონით უფლებამოსილი არიან მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, საგამოძებო ორგანოები და ერთადერთი გამონაკლისია პარლამენტის სგამოძებო კომისია. ქალბატონი ხიდაშელი არ არის თვითონ საგამოძიებო კომისია, იგი არის კომისიის თავმჯდომარე და როდესაც გვწერს წერილებს, ჩვენ მას განვუმარტეთ და ვუთხარით, რომ ამაზე პასუხის გაცემა შეგვეძლება იმ ვითარებაში, როდესაც საგამოძიებო კომისია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, და წერილობით ვთხოვეთ ქალბატონო ხიდაშელს: გთხოვთ წარმოგვიდგინოთ საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება ან ოქმი, რომლის საფუძველზეც კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რუსთავი 2–სგან გამოთხოვილ იქნეს ზემოაღნიშნულ წერილებში მითითებული ინფორმაცია. ამ ელემენტარული დოკუმენტის მოწოდებისთანავე ჩვენ მზად ვიყავით, რომ სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს დოკუმენტი ჩვენ დღემდე არ გვაქვს და ეს გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის საერთოდ არ არსებობს და კომისიას საერთოდ არც გადაუწყვეტია, რომ რუსთავი 2–სგან რაიმე სახის დოკუმენტაცია გამოეთხოვა. საფუძლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ქალბატონი ხიდაშელის თვითშემოქმედება, რომელზეც ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ იმიტომ, რომ ის არ არის უფლებამოსილი მიიღოს ეს ინფორმაცია”, – განაცხადა გვარამიამ.







