ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ტელევიზია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება.
“ყველაზე პოპულარული ტელევიზიები, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომერციული არხები – რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და კავკასია – მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. სამი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხი სხვადასხვა ჯგუფების შეხედულებებს გამოხატავს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავს, რომ იღებს საკმარის ინფორმაციას იმ პოლიტიკური პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს. Freedom House-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია გარემო გაუმჯობესდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, დადებითი ნაბიჯი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე:
“მიუხედავად ამისა, ხუთი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციისგან შემდგარმა ჯგუფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე არხის მიერ პოლიტიკის დაბალანსებული გაშუქების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართული ტელე–არხების გაურკვეველმა ფინანსურმა მდგომარეობამ სამომავლოდ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მრავალფეროვან და ასევე რეგიონალურ მედია საშუალებებზე. მაესტრო და რეგიონალური ტელევიზიები დღესდღეობით ამ მიმართულებით ყველაზე დაუცველად გამოიყურება”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამართავს დებატებს საპრეზიდენტო კანდიდატების მონაწილეობით და დაუთმობს უფასო საეთერო დროს (90 წამი ყოველ სამ საათში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მედია საშუალებებში და 60 წამი ყოველ სამ საათში საზოგადოებრივ მაუწყებელზე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ ექვს პოლიტიკურ პარტიას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ეკუთვნის სახელმწიფო დაფინანსება სატელევიზიო რეკლამისთვის:
“უფასო საეთერო დროსთან და რეკლამასთან დაკავშირებული განსხვავებული კრიტერიუმები დამაბნეველია როგორც ამომრჩევლისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის”, – აღნიშნულია ანგარიშში.
როვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ წევრები არიან: კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ–ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი; რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის ყოფილი მდივანი; პერ
ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი; ლორა ჯუიტი, NDI–ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაცემა.




![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



