ახალი ამბები

იპოთეკური სესხით მოსარგებლეებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს და კარვების გაშლას გეგმავენ

5 სექტემბერი, 2013 • • 1089
იპოთეკური სესხით მოსარგებლეებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს და კარვების გაშლას გეგმავენ

პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხით მოსარგებლე მოქალაქეები მესამე დღეა იმყოფებიან და ხელისუფლებისგან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხს მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გუშინ ხუთმა მათგანმა დაიწყო შიმშილობა, ხოლო დღეს კარვებს გაშლიან:

 

“ხუთი კაცი შიმშილობს ახლა. მათ შეუერთდება ფეხმძიმე ქალი, სამი შვილის დედა, რომელიც ელოდება მეოთხე შვილს და რომელიც გამოსახლებული ჰყავთ. ისიც იშიმშილებს და ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება. ასე არ დამთავრდება ეს საქმე. არ შეიძლება სულში ჩააფურთხოს მოსახლეობას მთავრობამ. საქართველოს მიწას გავუფრთხილდეთ კი არა, მოსახლეობას გავუფრთხილდეთ, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს. ჩვენ უნდა გაგვიფრთხილდნენ. ქალებმა მოიგეს ომები, ჩვენ ჩვენს სახლებს არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში. თაღლითობის მსხვერპლი ვართ ნახევარზე მეტი აქ, თაღლითების გამო სახლებს ვერ დავთმობთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თინათინ ფურცხვანიძემ.

იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირების აქცია პარლამენტის შენობასთან
იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირების აქცია პარლამენტის შენობასთან

აქციის კიდევ ერთი მონაწილე მარინა ჭეიშვილი ამბობს, რომ აქციას თბილისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან შეუერთდებიან:

 

“ძალიან გაგვაბოროტეს, თვითმკვლელობამდე მიდის ხალხი, ხალხს ასახლებენ, გუშინ ორი სახლი აუქციონზე გაიტანეს, არაფერი არ კეთდება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად დაგვპირდა, რომ გაჭირვებულ ხალხს მოგვეხმარებოდა. არავინ, არც ძველი, არც ახალი მთავრობა გაჭირვებულ ხალხთან არ მოსულა. მისცენ ხალხს დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები და გავისტუმრებთ. ხალხი არ შეჩერდება, კარვებს დღეს აქვე გავშლით, მთელი თბილისი დაიძრება, მთელი ბათუმი წამოვა, მთელი ფოთი წამოვა, მთელი საქართველო დადგება ფეხზე. ეს უკვე არის ცივი ომი, ხალხი შიმშილობს.”

დაშლილი კარავი
დაშლილი კარავი

მასალების გადაბეჭდვის წესი