ახალი ამბები

უამინდობამ ბათუმში ორი ქუჩა და რამდენიმე სახლი დატბორა

5 სექტემბერი, 2013 • 2046
უამინდობამ ბათუმში ორი ქუჩა და რამდენიმე სახლი დატბორა

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბრის საღამოს 19.00 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან ბალტიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი ატმოსფერული ფრონტი შემოიჭრა, რამაც დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში ინტენსიური ნალექები გამოიწვია.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ნალექიანობით ქობულეთის, ქედისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები გამოირჩეოდა, სადაც გასული ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ, შესაბამისად, 106, 90 და 72 მმ შეადგინა, რაც ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება.

 

 

ზღვის სანაპირო ზოლში, შიდა ქართლში, თბილისში და მდ. თერგისხეობაში ძლიერი ქარი შეინიშნა, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ ქობულეთში 20 და თბილისში 25 მ/წმ-ს მიაღწია. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ საშუალოდ 3 მ იყო, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე).

 

დასავლეთ საქართველოს უმეტეს მდინარეებზე წლის დონეებმა მნიშვნელოვნად (1 მ-მდე) აიწია, თუმცა ჯერჯერობით საშიშ ნიშნულებამდე არ მიუღწევია.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს 5 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, ქედის რაიონში დაიტბორა ნათესები და დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები. ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეული ქუჩები დაიტბორა.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

გარემოს დაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით ჯგუფი გუშინ გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი უამინდობის გამო სიტუაციის შესასწავლად. 

 

შოთა მურღულიას განცხადებით, ინტენსიური წვიმა დასავლეთ საქართველოში საღამოს 8 საათზე დაიწყო და 12 საათამდე გაძლიერდა. ყველაზე უხვი ნალექი დილის 3 საათისთვის დაფიქსირდა, თუმცა წვიმას არ ახლდა ძლიერი ქარი, რამაც პრობლემები შეამცირა.

 

“სამინისტროს წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ შავიზღვისპირა მუნიციპალიტეტებში და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად აკონტროლებდნენ ვითარებას,”- ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

სამინისტროს ცნობით, მისი წარმომადგენლები იყვნენ ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ხობში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ბათუმის რამდენიმე ქუჩა, ერთი ქუჩა დაიტბორა ხობშიც. შესაბამისი ამოტუმბვითი სამუშოები ორივე ქალაქში მომენტალურად დაიწყო. პრობლემები არ დაფიქსირებულა ფოთში. მდინარე და ღელეები ადიდდა გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯგუფი ახლა ისევ ბათუმისკენ მიემართება. ბათუმის შემდეგ, ჯგუფი გურიასა და იმერეთში გადავა და იქ არსებულ ვითარებასაც შეისწავლის. შოთა მურღულიას განცხადებით, შესამოწმებელია ზუგდიდს რამდენიმე ხიდი, რადგან მდინარე იქაც ადიდდა, აცხადებს სამინისტროს პრეს-სამსახური.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 5 სექტემბრის გვიან საღამომდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან გავრცელებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გადმოინაცვლებს. 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს. სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტიურდეს მეწყრული პროცესები.

მასალების გადაბეჭდვის წესი