“პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს მე აღარ მიმაჩნია იგი რუსეთის ჯაშუშად, ხოლო, მეორე მხრივ, აღარა მაქვს პრეტენზიები მის პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში.
მე პრემიერ ივანიშვილისთვის არასდროს მიწოდებია რუსეთის ჯაშუში, მაგრამ ვთვლიდი და, სამწუხაროდ, ახლაც ვთვლი, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ასეთი განცხადების უახლეს მაგალითად გამოდგება დღეს პრემიერის მიერ გაკეთებული “სკანდალური კომენტარი იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია” ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით.
“მინდა ყველას შევახსენო ის, რაც ყველასთვის ისედაც ნათელია, ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოშლის და მათი რუსეთის სატელიტებად ქცევის მიზნით. საგანგაშოა, თუკი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მის პრემიერს ასეთ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ეს განცხადება:
“პრემიერ ივანიშვილის გუნდში, მის კოალიციაში არიან დეკლარირებულად ღიად პრორუსული, ფუნდამენტალისტური ძალები. ეს ხალხი პრემიერმა ივანიშვილმა მოიყვანა ხელისუფლებაში და ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიას.
პრემიერმა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მთავარი ოპოზიციური ძალის, “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების სურვილით დამატებით ხელი შეუწყო მისი კოალიციის გარეთ კიდევ უფრო ფუნდამენტალისტური და პრორუსული ძალების გაძლიერებას და მათ წინა პლანზე წამოწევას. ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიას.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ “ქართული ოცნების” გულის გულში მყოფი ძალები აკეთებენ არაერთ პრორუსულ განცხადებებს, მაგალითად, გოგი თოფაძის, ჯაჭვლიანის კომენტარები… ზოგიერთი მათგანი ამ კომენტარს ტანსაცმელს აცმევს, თუმცა იქაც გამოსჭვივის ხოლმე ეს აგრესია დასავლური ცივილიზაციის მიმართ. ასევე, საუბარია იმ ძალებზე კოალიციის გარეთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავად დაასახელა სასურველ ოპოზიციად, სწორედ ეს შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში, რომ საქართველოში პოლიტიკური კონსესუსი დაირღვეს, სპექტრი იქნეს ჩაჩოჩებული იქითკენ, რომ შეიქმნას პრორუსული ძლიერი ცენტრი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, ყოველგვარი საქმის შესწავლის გარეშე გამოშვება ციხიდან იმ პირების, რომლებიც იყვნენ მსჯავრდებულნი რუსეთის ფედერეციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, ამბოხებაში, უმცირესობების უფლებების შელახვაში:
“ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს. ზოგადად ამ ახალი გუნდის კონცეფცია, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთისა და რუსეთის შორის, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას ქართული სახელმწიფოებრიობის გადანდგურების მიზნით, არის, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილობა და ასუსტებს ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა, როცა გამოვლინდა ძალადობა უმცირესობების წინააღმდეგ, ოპოზიციის აქტივისტების დაკავება, გაუზარებელი ეკონომიკური პოლიტიკა, კრიმინალის ზრდა – ასუსტებს ქვეყანას და აძლიერებს რუსეთის ფედერაციის პოზიციებს საქართველოში:
“ასეთი გახლდათ ჩემი პოზიცია საჯაროდ და ყველა პირად საუბარში მანამდეც, და არ გამაჩნია არანაირი პირობა, რომ შევიცვალო ეს პოზიცია”, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ბოკერიამაც კი ჩემი თანაშემწის მეშვეობით შემომითვალა, რომ თურმე ჩემთან რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს. რისთვისაც დიდი მადლობა შევუთვალე. თურმე, რუსეთის აგენტობის ბრალდება უკვე მომეხსნა”.
ივანიშვილმა ასევე უპასუხა ევრაზიულ კავშირში საქართველოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ კითხვას:
“ევრაზიულ კავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?! ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია”.
