ახალი ამბები

სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განხილვა გადაიდო

6 თებერვალი, 2018 • 1453
სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექტრადიციის საქმის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლემ განხილვის გადადება რამდენიმე არგუმენტით ახსნა, მისი თქმით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს დრო მთავარი პროკურტაურის შუამდგომლობის შესასწავლად და ასევე მასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ საქმეში არსებული ბევრი მასალა გააანალიზოს.

როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, განმარტავს, მიუხედავად პროკურორის მოთხოვნილებისა, ექსტრიდიცა დასაშვებად ცნობილიყო, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობისა და სასამართლოს მეგობრების, მათ შორის სახალხო დამცველის, მოსაზრების საფუძველზე გადადო სხდომა.

 “პროკურორმა მოითხოვა დასაშვებად ცნობილიყოს მისი ექსტრადაცია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით მრავალი მიზეზის გამო, უპირველესად იმიტომ, რომ არ არის მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების , მათ შორის, არასამათავრობო ორგანიზაციების დასკვნები გათვალისწინებული, თურქეთში ადამიანის უფლებათა უაღრესად ცუდი მდგომარეობის შესახებ, არ არის საერთოდ მოხსენიებული ვენესიის კომისიის დასკვნა, გარდა ამისა, ისიც გაუთვალისწინებელია, რომ მუსტაფა ერმე ჩაბუქის ოჯახისადმი მუქარასაც აქვს ადგილი. წარმოდგენილი არის სახალხო დამცველის ვრცელი მოსაზრება, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და ვფიქრობ, რომ ამ მიზეზის გამო გადაიდო განხილვა 19 თებერვლისთვის” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ექსტრადიციას, დაცვის მხარე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და , პარალელურად, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.  

საქართველოს პროკურატურამ  საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობაზე შუამდგომლობით მიმართა. ჩაბუქს თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დებს ბრალს.

თავად ჩაბუქი, რომელიც ამჟამად საქართველოში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, ტერორიზმთან ყოველგვარ კავშირს უარყობს, ამბობს, რომ საქართველოში 17 წლის განმავლობაში მასწავლებლის საქმიანობას ეწეოდა და სურს, იგივე საქმიანობა გააგრძელოს. იგი შიშობს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება და არ ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ჩაბუქმა ლტოლვილთა სმაინისტროს ლტოლვიის სტატუსის მინიჭებაზე მიმართა. მას ამ სტატუსზე უარი უთხრა როგორც სამინისტრომ, ასევე ორივე ინსტანციის სასამართლომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი