საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი აცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში არანაირ საშიშროებას ხედავს:

 

“მე სრულიად ვეთანხმები პრემიერის განცხადებას, აქ დიდ საშიშრობას ვერაფერს ვხედავ. თუ რამე საშიშროებები იარსებებს, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ ევრაზიულ კავშირში ან გაერთიანებას, ან არგაერთიანებას.”

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის პასუხი ჰიპოტეტურია და ეს საკითხი დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე არ დგას:

 

“მე ვფიქრობ, რომ არაფერი ბიძინა ივანიშვილის პასუხში ისეთი არ იყო, რომელმაც რაიმე ტიპის შეშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც რაღაც ჰიპოთეტურ რეალობას შეესაბამება.”

 

კითხვაზე, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის, დეპუტატი პასუხობს:

 

“არ ვიცი. ასეთი კავშირების და რაღაც გაერთიანებების საუკუნე იყო წინა საუკუნე. ახლა არსებობს უკვე ფაქტობრივი გაერთიანებები, კავშირები, გამოკვეთილი მიმართულებებიც. მე ვფიქრობ, რომ ახლა ახალი გაერთიანებების და ახალი რაღაც საერთაშორისო კავშირების შექმნის ალბათობები არის ძალიან ნაკლები.”

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას, თუკი ეს საქართველოს სტრატეგიისთვის საინტერესო იქნება:


“ევრაზიულ კავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?! ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია”, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას “ევრაზიულ კავშირში” საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *