ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციის შესარჩევი ვადა 15 თებერვლამდე გადასწიეს

6 თებერვალი, 2018 • 1807
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონის კონცეფციის შესარჩევი ვადა 15 თებერვლამდე გადასწიეს

წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციისთვის განაცხადების მიღების ვადა 15 თებერვლამდე გადასწია.

პავილიონის კონცეფციების დარეგისტრირების ვადა 2 თებერვლამდე იყო განსაზღვრული, ხოლო გამარჯვებული 4 თებერვლამდე უნდა დასახელებულიყო.

დღეს, 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ იმის გამო, ვადები საკმაოდ შეზღუდული იყო, შესაძლოა არ იყო საკმარისი კონცეფციების დასამუშავებლად.

“სამწუხაროდ, შეზღუდული გვაქვს ვადები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისგანაც, პროექტის განვითარებას აქვს თავისი ეტაპები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს 10 დღე იქნება საკმარისი გუნდებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი დრო მიეცეთ, რათა უფრო მეტად შეავსონ და უფრო მეტად დაასრულონ, თავიანთი კონცეფციები განავითარონ კომისიისთვის წარსადგენად”, – ამბობს დეა მეტრეველი.

დეა მეტრეველის თქმით, კულტურის მინისტრთან და პავილიონის კონცეფციის შესარჩევ კომისიასთან შეთანხმებით, გადაწყვიტეს, რომ გახანგრძლივდეს ეს პერიოდი. მეტრეველი ამბობს, რომ გამარჯვებულ კონცეფციას 18 თებერვალს დაასახელებენ.

ვადის ამოწურვამდე ოთხშაბათს და პარასკევს, 11 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება ღია კარის დღეები, სადაც ნებისმიერ ორგანიზაციას საშუალება მიეცემა, რომ კომისიის წევრებთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.

მეტრეველის თქმით, რვა კომპანია, რომელმაც უკვე გადალახა მეორე ეტაპი და დაარეგისტრირა პროექტები, აგრძელებენ მუშაობას თავიანთ პროექტებზე და, ამავე დროს, სხვა კომპანიებსაც მიეცემათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება.

პავილიონის კონცეფციის შესარჩევი კომისიის წევრმა, გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორმა, თამარ ლებანიძემ განაცხადა, რომ ვადები პავილიონის კონცეფციის ხარისხის ასამაღლებლად გახანგრძლივდა.

“გასაგებია, რომ ვადები ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი. ვმუშაობთ ხარისხისთვის. სწორედ ხარისხი იყო ის მიზეზი, რის გამოც კონკურსი არა მარტო გახანგრძლივდა, არამედ შესაძლებლობა მიეცათ სხვა დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღების”, – ამბობს თამარ ლებანიძე.

კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავამ აღნიშნა, რომ პროექტი არის უზარმაზარი, ხოლო აპლიკანტებისთვის მიცემული დრო შეზღუდული იყო.

“როდესაც გავეცანით შემოსულ აპლიკაციებს, ბოლო პერიოდის ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, ცოტა აღმოჩნდა ის დრო, რომელიც ჩვენ კონკურსანტებს მივეცით. პროექტი არის უზარმაზარი, პროექტი არის ისეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ დრომდე არ ჰქონია. ამ ადამიანებსაც სჭირდებათ მეტი დრო, მეტი ინფორმაცია, რომ გაითავისონ, რასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს გვანცა ჯობავა.

“დრო არის ძალიან ცოტა, ეს ყველაფერი უნდა დაწყებულიყო ბევრად უფრო ადრე. ჩვენ გვიწევს ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობა მიზეზთა და მიზეზთა გამო”, – განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელიც კონცეფციის შესარჩევი კომისიის წევრია.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესამუშავებლად წიგნის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი 2018 წლის 21 იანვარს გამოაცხადა.

ამ დროისთვის მეორე ეტაპზე გადასულია 8 პროექტი:

2018 წლის 9 იანვარს გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რომლის შედეგადაც, მეორე ეტაპზე გადავიდა 8 კომპანია.

  • Betterfly
  • ვიზუალური ხელოვნების ცენტრი
  • Wizzard Event
  • W Forte
  • Art-Transfer
  • Designbureau
  • McCANN Tbilisi
  • KMX

კონკურსის პირველ ეტაპზე წიგნის ეროვნულ ცენტრში 14 განაცხადი შევიდა. კომპანიების მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს “ანბანით მოთხრობილი საქართველო” (Georgia Made by Characters). გამარჯვებულ კომპანიას 15-წევრიანი ჟიური აირჩევს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორ კომპანიასთან “მულტივერს არქიტექტურა” მჭიდრო თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს საქართველოს პავილიონის პროექტის მომზადება.

საბოლოო პროექტი უნდა ასახავდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის მრავალფეროვნებას, საქართველოს იდენტობას და მის ხასიათს ისე, რომ პავილიონმა მიიზიდოს საერთაშორისო აუდიტორია და გააცნოს მათ საქართველოს კულტურული, მათ შორის ლიტერატურული მემკვიდრეობა.

საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონთან ერთად, რომლის ფართი 2 500 კვ.მ.-მდეა,  კონტრაქტორს მოეთხოვება წარადგინოს შედარებით მცირე, 180 კვ.მ. ეროვნული სტენდის ინტეგრირებული კონცეფცია.  წიგნის ცენტრის განმარტებით, ეროვნული სტენდი პავილიონის კონცეფციის ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს.

პავილიონის და ეროვნული სტენდის მშენებლობის წინასწარი ბიუჯეტი არ აღემატება 700 000 ევროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროექტისთვის მზადებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გამოეთიშა. პროექტს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელმძღვანელობს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ დეა მეტრეველთან ერთად.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლის პირას – მანანა ბერიკაშვილის მმართველობა კულისებიდან

ბერიკაშვილი პროექტს გამოეთიშა გამომცემლებისა და მწერლების პროტესტის შემდეგ. წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ ბერიკაშვილის ჩარევების გამო წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის ჩაშლის საშიშროება იყო, რის გამოც მან კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, რომ სამსახურს დატოვებდა. პროტესტის შედეგად სამინისტრო დათმობაზე წავიდა და მანანა ბერიკაშვილი პროექტს ჩამოშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი