ახალი ამბები

ტარანტინო თურმანის ავარიაზე: ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანულია

6 თებერვალი, 2018 •
ტარანტინო თურმანის ავარიაზე: ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანულია

რეჟისორი კვენტინ ტარანტინო “Deadline-თან” უმა თურმანის ბრალდებებს პასუხობს. როგორც რეჟისორი ამბობს, მსახიობის თხოვნას,  “მოკალი ბილის” გადაღებების დროს იძულებით არ დაესვა გაუმართავი მანქანის საჭესთან, ტარანტინო არ გაუცოფებია:

“დარწმუნებული ვარ, როცა ეს მოვისმინე, გავღიზიანდი და თვალები გადავატრიალე, თუმცა არ გავცოფებულვარ” – ამბობს რეჟისორი.

ტარანტინოს თქმით, მანქანის საჭესთან, რომელსაც ეპიზოდის გადასაღებად იყენებდნენ, მანამდე თავადაც დამჯდარა და დარწმუნებული იყო მის უსაფრთხოებაში. ტარანტინო ამბობს, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთია მათ შორის, რასაც ყველაზე მეტად ნანობს:

“ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანულია. როგორც რეჟისორი, ბევრ რამეს სწავლობ, ზოგჯერ საზარელი შეცდომების ხარჯზე” – ამბობს რეჟისორი.

დღეს უმა თურმანმა ოფიციალურ “ინსტაგრამის” გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ არ სჯერა, რომ ინციდენტი ვინმეს წინასწარი განზრახვით მოხდა. თურმანის თქმით, ტარანტინო ძალიან ნანობდა მომხდარის გამო და თანაუგრძნობდა მსახიობს. წლების შემდეგ მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრებიც მისცა თურმანს, იმის მიუხედავად, რომ ამას შესაძლოა მის კარიერაზე ცუდად ემოქმედა, რისთვისაც თურმანი მას მადლობას უხდის. მომხდარში კი ვაინშტაინს და იმ პირებს ადანაშაულებს, რომლებმაც იცრუეს და მტკიცებულებების განადგურება და ფაქტის მიჩქმალვა სცადეს.

ინტერვიუში ტარანტინო ასევე აღიარებს, რომ იცოდა, როგორ ეპყრობოდა ქალებს ჰარვი ვაინშტაინი, მათ შორის- მის ყოფილ მეგობარ ქალს მირა სორვინოს. ტარანტინოს თქმით, მას შემდეგ, რაც უმა თურმანმა ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე უამბო, მან პროდუსერს მსახიობისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა:

“როდესაც ვაინშტაინი ცდილობდა სიტუაციიდან გამოძრომას, მე ვუთხარი, რომ მისი არ მჯეროდა, უმას მონაყოლს ვენდობოდი და თუ ვაინშტაინს “მოკალი ბილის” შექმნაში მონაწილეობის მიღება უნდოდა, სწორად უდნა მოქცეულიყო” – ამბობს ტარანტინო.

რეჟისორი ასევე ადასტურებს, რომ “მოკალი ბილის” ორი სხვადასხვა ეპიზოდის გადაღების დროს  მსახიობს შეაფურთხა და ახრჩობდა. ტარანტინოს თქმით, ეს მსახიობთან წინასწარ შეთანხმებით მოხდა.

უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინთან და კვენტინ ტარანტინოსთან 3-ჯერ ითანამშრომლა. პირველად- 1994 წელს ფილმისთვის “მაკულატურა”, სადაც მია უოლასის სახე შექმნა, შემდეგ კი “მოკალი ბილის” პირველ და მეორე ნაწილში შეასრულა ბეატრიქს კიდოს როლი (2003-04 წლებში).

ვრცლად, რაში ადანაშაულებდა უმა თურმანი კვენტინ ტარანტინოს, წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი