“ელჩები არიან გაოცებულები ცესკოს გადაწყვეტილებით, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, რომელიც აიღებს ხელში კონსტიტუციას და წაიკითხავს. გაუგებარი და უკანონო გადაწყვეტილება შეიძლება სიურპრიზი ჩვენთვის არ იყოს, რადგან ძალიან ვართ მიჩვეულნი ამ პოსტსაბჭოთა ხრიკებს. მე ავუხსენი კიდევ ერთხელ, რომ იქ არანაირი გაუგებრობა არ იყოს, რომ მე არანაირი ცვლილება არ მჭირდება კონსტიტუციაში, არ მოვითხოვ ამას, არ ველოდები და ეს გამონაკლისი იყოს გაკეთებული, თუ პარლამენტს სურს.

აქაც შევხვდი ზოგიერთ პარლამენტარს, და იმათაც ავუხსენი, რომ ის თამაში, რომ ვითომ ჩემი გულისთვის აკეთებდნენ ამ ცვლილებას, საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამ თამაშებში მე უფრო მაგარი ვარ. მე მინდა კანონი, როგორც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. ხვალ დიდი იმედი მაქვს სასამართლოსი, ესეც ვუთხარი ელჩებს. შემდეგ პოლიტიკურ საკითხზე გადავედით, მათ აინტერესებდათ, როგორ გავუძღვები ამ საპრეზიდენტო ფუნქციას”, – – განაცხადა ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, კანდიდატად რეგისტრაციისთვის არანაირ გამონაკლისს არ მოითხოვს:
“მე შევასრულებ ყველა მოთხოვნას, კანდიდატის მიმართ წაყენებულს, მაგრამ დამაცადეთ, ვიყო არჩეული. ყველა უკვე დარწმუნებულია, რომ არჩეული ვიქნები, მაგრამ დაველოდოთ და როცა ჩემს წინაშე ეს გადაწყვეტილება იქნება მისაღები, გარწმუნებთ, რომ მივიღებ ყველა გადაწყვეტილებას. ძალიან ცდება მიხეილ სააკაშვილი, თუ ჰგონია, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მივუდგები, მე სერიოზული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში და ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ თავის დროზე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მოქმედი კანონდმებლობით, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშია – იგი არის ერთდროულად საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქე, თუმცა ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება. კითხვაზე, აპირებს, თუ არა დატოვოს საფრანგეთის მოქალაქეობა, თუკი სასამართლოც არ დააკმაყოფილებს მის სარჩელს ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ზურაბიშვილი პასუხობს:
“მოქალაქეობა ცხვირსახოცი არ არის, რომელსაც გადააგდებ, როცა აღარ დაგჭირდება იმ მომენტში. ეს არის სერიოზული დამოკიდებულება ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ და მინდა ეს გზავნილი ჩვენს თანამემამულეებს გავუგზავნო, რომლებიც საზღვარგარეთ არიან მილიონნახევარი, რომ არ შეიძლება ჩვენ მოქალაქეობის მიმართ მოხმარებითი განწყობა გვქონდეს.”
ცესკოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ პირს ეთქვა ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე და მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიმართ სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება.
“ჩვენ გავეცანით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც სულ სხვა რამეზეა, იქ პრეცედენტი არ არის და მე მაქვს სრული იმედი, რომ სასამართლო კანონს არ გადაახტება. თუ ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, რომ სასამართლო კანონს აღარ უყურებს და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა, მაშინ ცუდ დღეში ყოფილა საქართველო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სასამართლოს სარჩელით ხვალ მიმართავს და მოითხოვს ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებას.



![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



