ახალი ამბები

ხაშურში, ბორჯომსა და ახმეტაში ხე-ტყის უკანონო საამქროები გამოავლინეს

3 თებერვალი, 2018 • 4151
ხაშურში, ბორჯომსა და ახმეტაში ხე-ტყის უკანონო საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის, აღმოსავლეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.

არარეგისტრირებული დანადგარები – ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები –  ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი. უკანონო საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში, განთავსებული იყო 3.2 მ3 მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და 20 მ3-მდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი) სამასალე მორი.

სამინისტროს ცნობით, ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი. მათი განცხადებით, მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით).

ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ერთ-ერთ უკანონო ხე-ტყის გადამამუშავებელ საამქროში

მასალების გადაბეჭდვის წესი