ექიმების განცხადებით, კლინიკის მფლობელების წარმომადგენელი, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მათივე თქმით, ის კლინიკაში კედლებიდან ხატების ჩამოხსნასაც ითხოვს.
“შუაღამეზე შემოდის კლინიკაში, აყენებს შეურაცხყოფას პერსონალს, შაბათს რეანიმაციულ განყოფილებაში მორიგე ექიმს, მარინე ფირცხალავს შეუვარდა, არ მისცა საშუალება მიეხედა ახალშემოსული ავადმყოფისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – აცხადებს კლინიკის ერთ–ერთი ექიმი მაია ჯავახიშვილი.
იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ექიმებს ღამით მორიგეობის ეშინიათ:
“ღამე ნასვამ მდგომარეობაში მოდის და შეურაცხყოფას აყენებს ექიმებს, გუშინ ღამით ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან დიდი შეხლა–შემოხლა რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ მორიგეობაზე მოსვლის ეშინიათ. ადრეც გვყავდა ჩვენ კერძო მფლობელი, მაგრამ კლინიკა იმართებოდა დირექტორების მხრიდან, არავის არ ჰქონდა არანაირი პრობლემა. ეს მეპატრონე არ ცნობს არც ექიმს, არც დირექტორს, არც პაციენტს, მისი საქციელი ყველანაირ ზღვარს სცდება”, – აცხადებს თამარ ჩეჩელაშვილი.
თავად ტეკინ ატიკი “რუსთავი 2”–თან საუბარში აცხადებს, რომ კლინიკაში ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია:
“მოვიდა ერთ–ერთი პაციენტის მშობელი და განგვიცხადა, რომ სამი დღეა მისი შვილის კომპიუტერული ტომოგრაფიის და რენტგენის პასუხებს არავინ ამოწმებდა და დახმარება გვთხოვა, დავუძახე მთავარ ექიმს და ვკითხე, თუ შეუმოწმებია CD დისკზე არსებული ინფორმაცია, მან მიპასუხა, რომ კომპიუტერს არ ფლობდა, მოგვიანებით დავუძახე შედარებით ახალგაზრდას, ექთანს, მასაც ვუთხარი, რომ კომპიუტერში CD დისკზე არსებული ინფორმაცია შეემოწმებინა, რაზეც ექთანმა მიპასუხა, რომ ერთი თვეა კომპიუტერი გაფუჭებული იყო. გაბრაზებულმა კომპიუტერი გადმოვაგდე მაგიდიდან და მათ ვუთხარი, თუ ასეთი მდგომარეობაა, რატომ აქამდე არ გამაგებინეთ- მეთქი, მოგვიანებით ვთხოვე კომპიუტერი გადაეგდოთ. ცოტა მკაცრად მომივიდა, მაგრამ არავითარი გინება და დამცირება არ ყოფილა,” – განაცხადა თექინ ატიკმა. მისი თქმით, მასთან დაპირისპირებული ექიმები ვიღაცისგან იმართებიან, რადგან კონკურენციის გამო მათი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა ვიღაცას არ აწყობს.
დღეს სამედიცინო პერსონალთან ერთად კლინიკის მფლობელს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე შეხვდა, თუმცა შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. როგორც დიმიტრი მახათაძემ განაცხადა, კლინიკის მფლობელსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს:
“საინვესტიციო ჯგუფს აქვს, სავარაუდოდ, მოსაზრება, რომ განახორციელოს სწორი მართვა, თუმცა ამისთვის საკომუნიკაციო არხი ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის მიერ ვერ იქნა სწორად შერჩეული და კერძო ინციდენტების, კერძო ხასიათის პრობლემების გამო მოხდა ამ ყველაფრის ესკალაცია”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამ საკითხს თავად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც გამოეხმაურა:
“რამოდენიმე დღის წინ, აბსოლუტურად გაუგებრად, იაშვილის კლინიკის არსებულმა მფლობელებმა, ისე, რომ არავის არაფერი არ კითხეს, გაყიდეს ეს დაწესებულება, ბოლო ხუთი დღე განუწყვეტელი სკანდალები ხდება ახალი მფლობელის მხრიდან, მასაც არ შეუწუხებია თავი, რომ საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახალი მფლობელი თურქია თუ რომელიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი, კანონის წინაშე პასუხი ყველას თანაბრად მოეთხოვება”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, ექიმების პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 2011 წლის მაისში გაიყიდა, რომელსაც ბოლო დრომდე ფლობდა შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ი (ყოფილი შპს “ნიუ ლაიფი”), სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებამდე წილებს ფლობდნენ ზაზა კაპანაძე (75%) და გია ნაცვლიშვილი (25%). კაპანაძესა და ნაცვლიშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. გამოძიება მათ 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებას ედავება.
ბრალდების მიხედვით, გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს “არტესისგან” დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ში:
“აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება,”- აცხადებენ სამართალდაცავები.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 12 აგვისტოს შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის 50-50%-ანი წილები იყიდეს თურქეთის მოქალაქეებმა – აბდულა კურსად დარჩინიმ და აზმი ოფლუღლუმ, რომელთა წარმომადგენელია, ასევე, თურქეთის მოქალაქე ტეკინ ატიკი. ხელშეკრულების მიხედვით, შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ის (რომელიც ფლობს: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის 100%-ს, პედიატრიის ინსტიტუტის, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის 80%-ს, ბავშვთა ახალი კლინიკის 75%-ს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს 66.7%-ს) 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.
აზმი ოფლუღლუ, იმავდროულად, არის “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” დამფუძნებელი, რომელიც თურქეთში ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიაა და თურქეთის 7 სხვადასხვა ქალაქში 11 ჰოსპიტალს ფლობს.
