ჟან–პიერ ჟენეს ფილმის ადაპტაციისთვის მუსიკას ამერიკელი კომპოზიტორი Dan Messe შექმნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპოზიტორის ბენდის “Hem” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
Dan Messe მიუზიკლზე დრამატურგ Craig Lucas-თან და კომპოზიტორ Nathan Tysen-თან ერთად იმუშავებს.
“ამელი” მორცხვი მიმტანის ისტორიაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, ბედნიერად იგრძნონ თავი. ფილმი გამოსვლისას საფრანგეთში 8 მილიონ 600 ათასი ბილეთი გაიყიდა და კინოგაქირავების მიხედვით 152 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სხვადასხვა მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,კომპოზიტორმა დაადასტურა, რომ “ამელის” შესახებ ახალ პროექტში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
“ბედნიერი ვარ, რომ მივიღე დავალება “ამელის” ბროდვეისთვის ადაპტირების საკითხში”– დაწერა მან “ფეისბუქის” გვერდზე.
კომპოზიტორის განცხადებით, Yann Tiersen-ის მიერ ფილმისთვის შექმნილი მუსიკა ერთ–ერთი საუკეთესოა კინოისტორიაში.
“ეს მუსიკა ერთ–ერთი მიზეზია, თუ რატომ მიყვარს “ამელი”– განაცხადა მან. თუმცა, მისივე თქმით, მიუზიკლი განსხვავებული იქნება:
“მე არ ვარ დაინტერესებული პარიზული მუსიკა შევქმნა, მეტიც, არ ვფიქრობ, რომ აკორდეონს გამოვიყენებ”.
ფილმმა “ამელი” სეზარის ოთხი ჯილდო მოიპოვა და ნომინირებული იყო ოსკარზე ხუთ კატეგორიაში. მათ შორის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშიც, თუმცა ჯილდო ფილმ “No Man’s Land”-ს გადაეცა.
