ახალი ამბები

მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, რასაც 2 მათგანის დაჭრა მოჰყვა, ბანკეტის გამო დაიწყო – ადვოკატი

1 თებერვალი, 2018 • 1855
მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, რასაც 2 მათგანის დაჭრა მოჰყვა, ბანკეტის გამო დაიწყო – ადვოკატი

31 იანვარს თბილისში არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ბანკეტის გამო დაიწყო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” იმ არასრლწლოვნის ადვოკატმა განუცხადა, რომელიც მომხდარს შეესწრო და გამოძიებას ჩვენებაც მისცა. ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი მეგობრები ყოფილმა კლასელებმა ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც ყოფილი თანაკლასელების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა:

” რადგან მეთორმეტე კლასელები არიან და ამთავრებენ სკოლას, ჰქონდათ ბანკეტის სამზადისი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და რამდენიმე პიროვნება დაპატიჟეს მათი ყოფილი სკოლის კურსდამთავრებულებმა. ეს აღმოჩნდა კლასში რამდენიმე პიროვნებისათვის მიუღებელი, ყოფილი კლასელების დაპატიჟება, ასე ვთქვათ. ამის გასარკვევად შეიკრიბნენ, თუ რატომ არ შეიძლებოდა რომ ესენიც ყოფილიყვნენ ყოფილ თანაკლასელებთან ბანკეტზე, და ამ საუბარში დაიძაბა ურთიერთობა და ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი” – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

ჩინჩალაძის თქმით, გამოძიებისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ცივი იარაღი გამოიყენა:

“დაკითხვა დასრულდა, მიაწოდა გამოძიებას საქმისათვის ყვლა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მას გააჩნდა. გამოძიებისათვის ცნობილია, ვის ჰქონდა ცივი იარაღი არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, არამედ სხვათა ჩვენებებიდან გამომდინარეც. ამიტომ, ეს არ არის ის ოქროს მოწმე, დადგენილია საქმის დეტალები, ყველა ფაქტობრივი გარემოება. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს იმ პირის გმაოკითხვაც, რომელმაც ცივი იარაღი გამოიყენა აღნიშნულ კონფლიქტში” – ამბობს ადვოკატი. 

გუშინ, 31 იანვარს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობებით ორი არასრულწლოვანი მიიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

საბურთალოს 2 არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თბილისში მოზარდთა შორის დაპირისპირებას ორი თვის წინ მსხვერპლი მოჰყვა. ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 1 დეკემბერს, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი- 2 დეკემბერს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე არასრულწლოვანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი