ახალი ამბები

ნაკაიძე: მუსლიმმა მრევლმა ახალი მეჩეთის ადგილი აკურთხა

30 აგვისტო, 2013 • 1466
ნაკაიძე: მუსლიმმა მრევლმა ახალი მეჩეთის ადგილი აკურთხა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში აქცია პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ დაიწყო და 6 საათისთვის დასრულდა. მისი თქმით, აქციის მოთხოვნა წარმოიშვა ლოცვის დროს და მისი დამთავრების შემდეგ მუსლიმი მრევლი ქუჩაში გამოვიდა და ბაგრატიონის ქუჩისკენ გაემართა. მათ აკურთხეს მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც, ნაკაიძის თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაა. მრევლს მიაჩნია, რომ დღეიდან ეს მათი ახალი სალოცავი ადგილია.

 

“აშენებულებს გვინგრევენ, ესენი არაფერს არ გააკეთებენ, ამიტომ მრევლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აკურთხოს ადგილი, სადაც მოხდება მომავალი მეჩეთის მშენებლობა. ჩვენ ფართი შევარჩიეთ და მასზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს ფართი არის ყველაზე რეალური და მისაღები ჩვენთვის.’- განაცხადა ნაკაიძემ. 

 

ნაკაიძე ამბობს, რომ მერიისგან მხოლოდ მიწის გამოყოფას მოითხოვენ, მეჩეთის ასაშენებელ თანხას თავად მრევლი შეაგროვებს. 

 

მისი თქმით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მანამდეც მიმართა ბათუმის მერიას მეჩეთის აშენების მოთხოვნით, მათი მოთხოვნა კი აქამდე არ დაკმაყოფილებულა. ნაკაიძე ამბობს, რომ ისინი რამდენიმე დღეს მოითმენენ, მაგრამ თავიანთი უფლებების დათმობას არ აპირებენ. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, აქცია ბათუმში ხომ არაა დაკავშირებული სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან, ნაკაიძე დაგვეთანხმა, რომ დღევანდელი აქცია არის პასუხი საპატრიარქოს ქმედებაზე. 

 

“ეს არის ერთგვარი პასუხი, ერთგვარი დამოკიდებულებაც, რომ ჩვენ ვითმენთ. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ეს პროცესები არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საკითხი, რომ მინარეთი დაინგრა. ეს არის დემოკრატიული პროცესები, რომელსაც ქართველმა მუსლიმებმა არ შევუწყვეთ ხელი, ხვალ ქვეყნა თავზე დაგვემოხბა და სახელმწიფოც აღარ გვექნება. სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა ჩვენი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. კანონი ყველსათვის უნდა იყოს უზენაესი. თუ ამას არღვევს თუნდაც საპატრიარქო, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ამაზე ზომები. თუ ვერ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავს გვემხობა სახელმწიფო,”- განაცხადა ნაკაიძემ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი